10.02.2022

9 0 0
                                    

ცად აზიდული, ბებერი ვაზი იდგა ძველად ჩვენს ეზოში. ათასად იტოტებოდა გაზაფხულობით ათწლეულებს შემორჩენილი. ხანდახან ბასრ დანას ვუსვამდი ღეროზე და ბავშვური უგუნურებით, კმაყოფილი შევცქეროდი ნარპრალებიდან ცრემლებად დადენილ წყლის წვეთებს.
ასეთ დროს ბებია ამბობდა, ვაზი ტირისო. მიშლიდა, ნუ დააღვრევინებ ცრემლსო.

რად მახარებდა ვაზის ტირილი?

ხანდახან შევხედავ იმ ადგილას დატკეპნილ მიწას. გახმა ხე, ვეღარ გაუძლო, ალბათ, ამდენ ვაებას. ძირშივე მოჭრეს, შეშად აქციეს და თავიანთი ხელები გაითბეს იმისი ცივი სხეულით.

არ ვიცი, რად მახარებდა ერთ დროს მისი ტირილი?

სტკიოდა ალბათ ჩემი დანის ნაიარევი. ჩივილიც სურდა, თუმცა ვერ ამოიღებდა ხმას მუნჯად დაბადებული.

სტკიოდა ძლიერ და მეც მეტკინა, როცა დავინახე როგორი სიფრთხილით უხვევდა აცრემლებულ ვაზს ამ ჭრილობებს ჩემი და, თავადაც აცრემლებული.

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now