08.05.2022

78 0 0
                                    

ჩვენს სახლს პატარა ფანჯრები და სიცარიელით სავსე ოთახები ჰქონდა.  დილაობით ჩანდა, როგორ ყლაპავდა ნისლი მთებს და ასე გვეგონა, თუ ცოტას მოვიცდიდით, ჩვენამდეც მოაღწევდა, თუმცა იდგა სახლი პატარა ფანჯრებით წარბშეუხრელად და ჩვენთან ერთად გლოვობდა რაღაცას, ჩვენთვისვე შეუცნობელს.

ჩვენს ოთახებს დაბალი ჭერი ჰქონდა და წვიმისას სითხე ნელა მოჟონავდა ღრიჭოებიდან, ქვევით მოიწევდა, გვახრჩობდა. ჩვენ კი ვიწექით უკუნით სიბნელეში, ვაშტერდებოდით მას და ყოველ ღამით ხელახლა ვსწავლობდით საკუთარ დემონებთან ერთად ცხოვრებას.

ჩვენს კედლებს კლაკნილი ბზარები ჰქონდა და იქიდან ქარის კივილი შვილმკვდარი დედის დატირებასავით ჩაგვესმოდა. ვისხედით ამ კედლებს შორის საკუთარ კვამლში გახვეულნი და უემოციოდ შევყურებდით იატაკზე მიმოყრილ ღერებს, ჯერაც რომ შერჩენოდათ ზედ ჩვენი ტუჩების კვალი.

ჩვენს სხეულებს დაღლილი გულები ჰქონდათ და მუდამ ველოდით, როდის შეწყვეტდნენ რიტმულ ცემას გაუფრთხილებლად. გვსურდა გავქცეოდით ცოდვის ბომონებს, მაგრამ მხოლოდ სახლმა პატარა ფანჯრებით იცოდა, რომ მასში გამოკეტილ სულებს ადამში სიკვდილი და ქრისტეში დაბადება ათასეული წლები არ ეღირსებოდათ.

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now