can you still feel the battles on my skin?

442 85 15
                                    

მარტოობის სიმებს რომ ჩამოვკრავთ და დაკრულ მელოდიაზევე ავცეკვდებით, რთულია შევწყვიტოთ მომენტი და დავიხიოთ უკან, როცა ჩვენი მოძრაობებითვე დაყენებულ მტვრის კორიანტელში ვტრიალებთ და აფორიაქებულ სულში გაჩახჩახებულ სინათლეს ვერა ჩააქრობს რა.


*

იმ დილით ბუსანის პორტს სიკვდილი ეწვია.

არ სცმია მას შავი ანაფორა, არამედ - მუნდირი;
არ სჭერია ცელი, არამედ - იარაღი.
მრისხანებით უტოკდებოდა სახის ნაკვთები, სამაგიეროს მიზღვის სურვილით უკაწკაწებდა კბილები.

მაშინ, როდესაც თეჰიონი და იუნგი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყვნენ, ჯონგუკი კი მარტოდმარტო ადევნებდა თვალს ჰიჯეს, იაპონელი იარაღ-ასხმული ჯარისკაცები მძიმე ნაბიჯებით შემოვიდნენ პორტში. შორიდანვე გახსნეს ცეცხლი.

ტყვიების ზუზუნის აუტანელმა ხმამ ჯონგუკამდეც მიაღწია. იგი თეჰიონის ოთახში, იატაკზე იჯდა და ლამის ჩასძინებოდა, უეცარმა ხმაურმა ზეზე რომ წამოახტუნა. თვალწინ დაურბოდა დაბომბვა ტყეში,გულის გამაწვრილებელი ხრიალი და ლამის იგრძნო კიდეც ხრწნის სუნი, რითაც გაჟღენთილი იყო ჰაერი ის სამი დღე, ჯონგუკი მათი გვამების ქვეშ რომ იწვა და განძრევას ვერ ახერხებდა. აი, იქ, სადაც მათ სხეულებთან ერთად მისი სულიც იხრწნებოდა.

-ჰიჯე! - შეჰყვირა მან. შეეძლო გაქცეულიყო, უკან არ მოეხედა, ისე გადაერჩინა საკუთარი თავი ისევ, მაგრამ ფეხი არ მოუცვლია. საწოლის თავს ედგა და ჯიუტად ცდილობდა გოგონას გაღვიძებას. გული მტკივნეულად სწრაფად უცემდა. -გაიღვიძე, ღვთის გულისათვის! ჩქარა!

ფანჯარა ჩაიმსხვრა.

მაშინღა იგრძნო, მის სხეულში ადრენალინმა როგორ დაიწყო მოძრაობა. ხელში აიტაცა იგი საკუჭნაოსკენ გაიქცა, საშინლად მსუბუქი ეჩვენა. ფონზე ერთვოდა ხალხის ყვირილი, საპასუხო გასროლები.. პატარა, ბნელ ოთახში შეძვრა, კარი გადაკეტა და ღვინის კასრის უკან შეიმალა. ჰიჯესთან ერთად ძლივს ეტეოდა. ისღა დარჩენოდა, დალოდებოდა როდის შეწყდებოდა სროლა. გოგონა ყრუდ ბოდავდა, ოფლში იწურებოდა.
-გამიშვი... გამიშვი.. - ჩურჩულებდა, თავს აქეთ-იქით აქნევდა.
მისგან გამომავალ სიმხურვალეს ჯონგუკი მკაფიოდ გრძნობდა.


არ ახსოვს რამდენ ხანს იჯდა ასე, რამდენ ხანს უსმენდა ჰიჯეს სუნთქვას ყურადღების გადასატანად, უბრალოდ იცის რომ ხმაური მიჩუმდა.

იაპონელებმა ამერიკელები იქვე დახოცეს, გვამები ურიკით წაათრიეს ბუსანის მოედნისკენ. ახლოს მყოფი კორეელებიც გამოასალმეს სიცოცხლეს, ტყვიები გულსა და თავში დააჭედეს მათ და ოკეანეში ჩაყარეს. მოკამკამე წყალი წითლად შეიღება, შეიღება იმ ლაქად, რომელსაც შემსწრეები ვეღარასდროს ჩამოირეცხავდნენ. სიხარული გლოვამ შეცვალა.

ტყვიების ზუზუნის ნაცვლად იაპონელი კაპიტნის ყვირილიღა ისმოდა, მაგრამ შინაარსი ჯონგუკს არ გაუგია. გულის ფანცქალით ელოდა, როდის შეწყდებოდა ეს ხმაც.
ჰიჯემ თვალები ზლაზვნით გაახილა და მიმოიხედა თუ არა, შიშმა აიტანა.
-ღმერთო, ოღონდ ეს არა.. ნუთუ ისევ აქ ვარ! ღმერთო, ნუთუ ვერ წავედი! - ლუღლუღებდა, დაბნეულ თვალებს აცეცებდა, წყვდიადში ხელებს აფათურებდა.
-ჰიჯე, გაიღვიძე?
-რა? - აღმოხდა ოდნავი შვებით. -აქ ხარ? ასე რატომ ბნელა..

-ა-არაფერია..
-გამიყვანე აქედან. გთხოვ, გამიყვანე აქედან.

წამოდგომა სცადა, კასრს დაეჯახა და ჯონგუკმა დაიჭირა, რათა არ დაცემულიყო.
-ცოტა ხანს მოვიცადოთ და გავალთ, კარგი?
-უბრალოდ მითხარი, რა ხდება ჩვენს თავს.
-სროლაა... ხალხს ხოცავდნენ. იაპონელები ისროდნენ.
-თეჰიონი.. იუნგი.. სად არიან ისინი, - ღრმად ამოიოხრა. -ცოცხლები არიან?

პაუზა.

-ღმერთო, ნუთუ.. - ამოიტირა.
-არ ვიცი, - უპასუხა გულრწფელად.

HikaruWhere stories live. Discover now