i paint flowers, so they won't die

2.2K 139 26
                                    

         ჯონგუკი ბევრს ხატავს. ხატავს სახლებს, ხეებს, ყვავილებსა და ომს. ხატავს ტკივილსა და ბედნიერებას, მაგრამ არა - სიმშვიდეს. ის გადაყვითლებული ფურცლები ქაოსს გაჰკივიან, იგი კი მზად არის მოუსმინოს.

ქვის კიბეს ჩაუყვა და ფაფუკ თოვლში გაიჭრა დაჩეხილ შეშამდე მისასვლელად, ფარდულში რომ ეწყო. თოვლს ჭუჭყი მოჰყვებოდა და ის თეთრი ფანტელები სულაც აღარ იყო ისეთი თეთრი, როგორსაც ელოდნენ. მკლავებში მოიქცია ხუთიოდე და სირბილით გაიქცა წითელი აგურისგან ნაშენებ სახლში. კარზე ბრახუნი ატეხა, მალე შემიშვიო. მართლაც, წამებიღა იყო გასული, ისე გააღო კარი ხანშიშესულმა დაბალმა ქალმა და ჭაბუკი შეატარა. ეტყობოდა, სციოდა.

გაცვენილი ჭაღარა თმა ჰქონდა, რომელიღაც ამანათის ბაფთით აკრული,
სახე პატარა და ცხვირი ოდნავ კეხიანი, ტუჩები ძაფივით თხელი.
მისი გარეგნობა ტიპური იყო ქალებისა, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

-ბევრი დარჩა? - ჰკითხა ხავერდოვანი ხმით ბიჭს და უკან გაჰყვა, როცა ხის ნაჭრები შეშის ღუმელთან დაალაგა.
-არა.
-რამდენ ხანს გვეყოფა?
-ერთ კვირაში გამოილევა.
-ნამდვილად?
-ჰო.

-ძია ბიშოპი მომავალ კვირას რომ წავა ტყეში, ურემზე შემოუჯექი და გაჰყევი. ცოტას მოგცემს.
-კარგი.

ორ შეშას ღუმელში დებს და ნაკვერჩხალს სულს უბერავს, რათა ცეცხლი გააღვივოს. შუა ზამთარია, გადაუღებლად თოვს, 14 წლის ჯონგუკს კი სუფთა ფურცლები გაუთავდა და გაზეთებზე ხატავს. სულ იწერებიან ომის მიმდინარეობაზე, "მოიგებს თუ არა გერმანია?" - კითხვაა, რომელიც ყველა გერმანელს უტრიალებს თავში. ჯონგუკს უნახავს ომი, რომელიც მის სოფელშიც იყო და მისის შტრაუსისაშიც. ჰიტლერის ფოტოზე კი მტრედს ხატავს ხოლმე ნახშირით.

მესამე დღე იწურებოდა, რაც ქარბუქი დაიწყო და ტემპერატურამაც საგრძნობლად დაიკლო. ხანშიშესულმა შტრაუსმა სკივრიდან საბანი ამოათრია, რათა ბავშვი გაეთბო. დასისხლიანებული პატარა ბიჭი გასული წლის ნოემბერში იპოვა გათოშილი, წვიმაში ხის ქვეშ იჯდა და ტალახში ფიგურებს ხაზავდა. ქალმა მაშინვე წამოიყვანა, თუმცა არაფერი ჰკითხა, არც ჯონგუკს სურდა რაიმეს თქმა. მოსწონდა მასზე ზრუნვა, მაგრამ არ უყვარდა ისევე, როგორც მისი ვაჟი, ჰაინრიხი, რომლის ძვლებიც ფრონტის წინა ხაზზე ტყვიების წვიმის ქვეშ განისვენებდა. ტუმბოზე ედო მისი ფოტო, შავგრემანი იყო გამოკვეთილი ნაკვთებით და ნუშის ფორმის თვალებით. რომ გაუშვა, შტრაუსს ეშინოდა, რომ მოკვდება ისე დამახინჯდება, როგორ ამოვიცნოო.
ამოცნობა არ დასჭირვებია, უბრალოდ უთხრეს, რომ მოკვდა.
უთხრეს იგლოვეო და იგლოვა კიდეც.

HikaruWhere stories live. Discover now