არეული ნაბიჯებით მიუყვებოდა როპონგის ქუჩებს, რომლებშიც მარტივად იკარგებოდა მისგან წამოსული, ალკოჰოლის და იაფფასიანი სუნამოს ნარევი სურნელი. რომც არ დაკარგულიყო, არც ადარდებდა. მისი მიზანი ახლა კლუბში წასვლა და გართობის მორევში ჩაძირვა იყო.
3 წელი გავიდა, რაც მოსკოვიდან ტოკიოში გადმოცხოვრდა. ბეჯითად ისწავლა იაპონური, სამსახურიც მარტივად იშოვა, "ონლაინ შეყვარებულის" დახმარებით და თუმცა ძალიან გაუჭირდა, მაინც დიდი იმედებით დადგა იაპონიის მიწაზე ფეხი.
"შეყვარებული" - ტაკაში ნაკაჰარა ერთი შეხედვით, ძალიან იყო დაინტერესებული მისი პიროვნებით, გარეგნობითა და კარიერული წინსვლით. ეხმარებოდა ადაპტაციაში, ენის უკეთესად ათვისებაში, სამსახურიც თავისთან დააწყებინა, სარეკლამო სააგენტოში. ერთი სიტყვით, ლილია ვოლკოვას ცხოვრება ნორმალურად მიდიოდა, რაც თავი დააღწია დესპოტ დედინაცვალს და ნახევარძმას, რომლებისგანაც ცუდის მეტი არაფერი ახსოვდა. თუმცა, ბუნებით მებრძოლმა და მიზანდასახულმა ფარ-ხმალი არ დაყარა, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უნივერსიტეტში 100% დაფინანსებით ჩააბარა. სწორედ იმ პერიოდში გაიცნო ტაკაშიც, რომლის ყურადღებაც სუფთა რუსული გარეგნობით მიიპყრო: სლავური იერი, ქერა თმა, ცისფერი თვალები და მოდელის აღნაგობა, რომელიც ცურვაზე სიარულით უფრო დაიმშვენა.
ტაკაში კი სტანდარტული იაპონური გარეგნობის, მხიარული და ეგზოტიკის მოყვარული ბიჭი გახლდათ.
ერთმანეთი სოციალურ ქსელში შემთხვევით გაიცნეს და მალევე დაახლოვდნენ. ტაკაშიმ ლილიას დედინაცვლის და ნახევარძმის შესახებ ყველაფერი იცოდა. ამიტომაც შესთავაზა მას საცხოვრებლად იაპონიაში გადასვლა, რამაც ლილია ძალიან გაახარა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა ერთი შემთხვევა, რის გამოც ლილია ახლა კლუბისკენ მიემართებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ეს იყო ტაკაშის ზემოთხსენებული ეგზოტიკისადმი სიყვარული. ლილიას მოულოდნელად საკმაოდ ცნობილმა კომპანიამ შესთავაზა თანამშრომლობა. ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ, როგორც კი ყურმილი გათიშა, გახარებული ტაკაშის კაბინეტში შევარდა, რათა ეს ამბავი შეეტყობინებინა, მაგრამ ღიმილი სახეზე შეაშრა, როცა დაინახა, როგორ ვნებიანად კოცნიდა ტაკაში ფერადკანიან თანამშრომელ გოგოს, საკმაოდ ინტიმურ პოზაში.
როგორც ხდება ხოლმე, ტაკაშიმ თავის მართლება დაიწყო და ლილიასკენ ნაბიჯი გადადგა, ამ უკანასკნელმა კი უბრალოდ იქვე მდგარი ვაზა ესროლა ფეხებში და დემონსტრაციულად გამოვიდა კაბინეტიდან. ის, რასაც ლილია გრძნობდა, ვულკანის აფეთქების ტოლფასი იყო და სჯობდა იქაურობას გასცლოდა. ჩანთა აიღო და უკანმოუხედავად გაიქცა ახლომდებარე ბარში.
-რას დალევ?- ცოტათი აზრზე რომ მოვიდა, უკვე კლუბში, ვიღაც ბიჭს ეცეკვებოდა.
-სულერთია- უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და ცეკვა გააგრძელა.
-რამეს მოვიტან, აქ იყავი.- ჩაყვირა ბიჭმა ყურში და ხალხის ნაკადში გაუჩინარდა
-მეტი საქმე არ მაქვს- ჩაილაპარაკა, იქვე მდგარ დივანთან მილასლასდა, მოწყვეტით დაეშვა და თვალები დახუჭა.
ფიქრები ერთმანეთში ერეოდა, კონცენტრაციას კი ხმამაღალი მუსიკა უკარგავდა. ერთადერთი რამ, ახლა რაც უნდოდა - ძილი. თავისი ძველი საწოლი გაახსენდა, რომელიც დიდი ხანი იყო რაც მიატოვა. სტრესმა, ნერვიულობამ, გადაღლილობამ და ალკოჰოლმა თავისი ქნეს: ცრემლები ჩანჩქერვით მოედინებოდა დახუჭული თვალებიდან. მანამდე გმირულად იკავებდა თავს. არ უნდოდა ეტირა ტაკაშის გულისთვის, რომელსაც სული და გული აჩუქა და რომელმაც ეს საჩუქრები ერთი ხელის მოსმით გაანადგურა.
უცებ რაღაც ხმაური შემოესმა. ძლივს გაახილა თვალები და ირგვლივ მიმოიხედა: ხალხი პანიკას მოეცვა და ზოგი სად გარბოდა, ზოგი სად. ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ხმებიც ერთმანეთში ირეოდა. ნელ-ნელა წამოიწია დივანზე და უფრო კარგად დააკვირდა ყველაფერს.
კლუბში სროლა იყო გაჩაღებული.
როცა გაანალიზა რაც ხდებოდა, ადგილს მიეყინა და სასოწარკვეთილი უყურებდა, როგორ გარბოდა ხალხი, ზოგიერთი მათგანი კი კვდებოდა. სისხლისფრად იღებებოდა ნელ-ნელა ყველაფერი.
- არა, ეს ალბათ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ძალიან ბევრი დავლიე, გთხოვ ღმერთო, მითხარი, რომ მეჩვენება .. - აკანკალებული ხმით ალაპარაკდა და ფრჩხილებით დივანის სახელოებს ჩაეჭიდა. სროლა არ წყდებოდა.
-გთხოვ, დამეხმარე!- ლილიას ფეხებთან ის დაჭრილი ბიჭი მიხოხდა, რომელიც 15 წუთის წინ ენერგიულად ეცეკვებოდა, მერე სასმლის მოსატანად გაუჩინარდა და ახლა სისხლის და შიშის სუნი ასდიოდა.
ლილიამ რატომღაც ზიზღით დახედა და არ განძრეულა. თვითონაც გაუკვირდა თავისი რეაქციის.
უეცრად, ბიჭის ზურგზე ვიღაც დახტა და თავში იარაღი დაუმიზნა
- უკანასკნელი თხოვნა? - ღიმილით იკითხა
- არ.. მომ.. კლა.. - ძლივს ამოიკნავლა დაჭრილმა და იმ წამსვე მისი თავიდან სისხლმა გამოასხა.
- თხოვნა უარყოფილია - თქვა მსროლელმა და ფსიქოპათივით გადაიხარხარა.
ლილია გაშეშებული უყურებდა უცნობს, რომელიც ხარხარს აგრძელებდა და ისევ ცხედარზე იდგა.
უცნაური გრძნობა დაეუფლა.
არ უნდოდა ეღიარებინა, მაგრამ სანახაობამ ცოტათი აღაფრთოვანა.
თვალს ვერ წყვეტდა კლასიკურად ჩაცმულ, ვარდისფერთმიან შეშლილ მკვლელს, რომელმაც ეს ესაა ადამიანი(ები) სადისტურად მოკლა და შეეძლო ლილიაც ასე სიცილ-სიცილით გაეყოლებინა მათ გზას.
-სანზუ, პოლიცია! გავდივართ!-
ვიღაცამ დაიყვირა და მკვლელმაც სიცილი შეწყვიტა. ნელა ჩამოწია თავი და ლილიას გამჭოლი მზერა ესროლა.
-შენ ჩემთან ერთად მოდიხარ- ბრძანებასავით გაისმა მისი ნათქვამი.
ცხედრიდან ფეხი ჩამოდგა, თმა ზურგს უკან გადაიყარა და ლილიასკენ დაიძრა.
დრო თითქოს გაიწელა. სანზუ ძალიან ნელა მოდიოდა. ლილია ხან თვალებში უყურებდა, ხან იარაღიან ხელზე გადაჰქონდა მზერა და ხანაც სისხლიან ტანსაცმელზე. გამოსახულება დაიბლარა. გოგო გონებას კარგავდა.
უკანასკნელი, რაც დაინახა, სანზუს სახე იყო. ღიმილით უყურებდა ზემოდან. ლურჯი, ცივი თვალები ჰქონდა და ტუჩის კუთხეებთან შესამჩნევად დიდი შრამები. უკანა ფონზე ჯერ კიდევ ციმციმებდა ფერადი შუქი..