გამარჯობა, პატარავ... - მამაკაცის თბილი , ხავერდოვანი ბარიტონი მისწვდა ნიას სმენას და იმავე წამს ნაცნობი სურნელიც შეიგრძნო . სურნელი თბილი იყო, ახლობელი და ძვირფასი, მაგრამ არა ის , რომელიც მის საყვარელ მამაკაცს ეკუთვნოდა. ქუთუთოები ნელა დააშორა ერთმანეთს ბურუსში მყოფმა გოგონამ და საწოლის გვერდით მჯდარ, თეთრ პერანგში გამოწყობილ მეტრეველს, რომელიც სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებით უღიმოდა, მწვანე თვალები შეანათა.
- გიო...
- როგორ ხარ? - მისკენ დაიხარა მამაკაცი და შუბლზე ფრთხილად აკოცა.
- უკეთ... ეხლა უკეთ -ავადმყოფობისგან დასუსტებული ხმით სვენებ-სვენებით მიუგო ნიამ და თბილად გაუღიმა - მაგრად შეგაშინე , ხო?
- შემაშინე, ის სიტყვა არ არის, ნია... - ჰაერი ღრმად შეისუნთქა მამაკაცმა და სახე ძლიერად მოისრისა. შემდეგ რამდენიმე წამს უხმოდ აკვირდებოდა ქალს, ბოლოს თვალი თვალში გაუყარა ქალს და ისე ჰკითხა:
- რა მოხდა?
- არაფერი... - სახე შეეცვალა სანიკიძეს და ოდნავ მოარიდა მზერა.
- არაფრის გამო მოაწყო ოთხმოცდაათიანები შენმა საყვარელმა? - ზიზღი და ირონია შეერია მეტრეველის ცივ ხმას.
- არ მინდა ამაზე საუბარი. - დაბალი ხმით უპასუხა სანიკიძემ.
- ნია! - მისი მზერის დაჭერა ცადა მამაკაცმა.
- გთხოვ..
- მის გამო მოხდა, ხო? მისი და მისი დაუსრულებული კრიმინალური საქმეების... - ყბები დაეძაბა მეტრეველს და თვალებში სიძულვილის ბოროტი ნაპერწკალი ჩაუდგა. - მიპასუხე!
- უბრალოდ, გთხოვ!
- რას მთხოვ?- წარბები შეკრა მამაკაცმა.
- არ მინდა ამაზე საუბარი.. და ეს ჩემი და ლუკას საქმეა... - ტონი გაიმტკიცა ნიამ და ამჯერად თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს - მარტო ჩემი და ლუკასი. - წარმოთქვა ხაზგასმით. მეტრეველმა ერთხანს უხმოდ უყურა ვეფხვივით შემართულ ქალს, ბოლოს ცივად ჩაეცინა.
-ამის დედაც... როგორ იცავ საყვარელს?
- დასაცავად აქვს საქმე?- ნერვიულობა შეეტყო ნიას და შიში ჩაუდგა ხმაში.
- დამშვიდდი... - დინჯად მიუგო მეტრეველმა - ყველაფერი ზედმეტად სუფთად აქვს გაკეთებული. არც მე ჩავერევი, აქაც შეგიძლია წყნარად იყო.. მაგრამ არა შენს გამო,ნია.. შენს გამო არა.
- ნინა? - თვალი გაუსწორა სანიკიძემ.
- ხო , ნინა... - ყრუ ხმით დაუდასტურა მამაკაცმა.
- გასაგებია. - ჩაილაპარაკა სანიკიძემ და შემდეგ რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოწვა პალატაში. ნიამ თვალი აარიდა მამაკაცს და ფანჯრის მიღმა ღამის თბილისის ცას გახედა. წამის შემდეგ ისევ გიორგის გაუსწორა თვალი ,რომელიც ძველებურ, გამჭოლ მზერას არ აცილებდა , თითქოს ამ მზერით მის სულს რენტგენში ატარებსო.
- ნუ მიყურებ ეგრე... - თითქმის მუდარით თხოვა გოგონამ.
- როგორ გიყურებ?- დინჯად , მისთვის თვალმოუშორებლად დაეკითხა მამაკაცი.
- ისე როგორც, სასამართლო დარბაზში უყურებ ხოლმე ბრალდებულებს.. ისე როგორც შენს მტერს.
- მე შენი მტერი არ ვარ. - მშვიდად მიუგო მეტრეველმა.
- მტერივით კი მიყურებ... - ხმა გაუტყდა ქალს და ცრემლის თხელი ფენით დაენისლა თვალები.
- სისულელეს ამბობ... ამის დედაც... - ჰაერი ღრმად შეისუნთქა გიორგიმ და სახე ორივე ხელით მოისრისა , შემდეგ ისევ გაუსწორა მზერა და სევდანარევი სითბოთი გაუღიმა - მე შენი მტერი არასოდეს ვიქნები, ნია... მაგრამ არც მეგობარი ვიქნები. ვერ ვიქნები..
- გიო...
- ხო.. ესეა ეს ამბავი.. - ისე რომ ქალის თვალებისთვის არ მოუცილებია მზერა, სრულიად გაუაზრებლად დასწვდა მის სისტემამიერთებულ ხელს და ფრთხილად მიეფერა. შემდეგ ერთბაშად დასერიოზულდა. სულ სხვანაირი გაუხდა ქალისკენ მიმართული მზერა , რომელიც ცხადად იგრძნო ნიამ. ხელი ფრთხილი , მაგრამ მტკიცე მოძრაობით გაინთავისუფლა მისი თითებიდან და თვალი აარიდა.
- ეს შეიძლება ჩვენი ბოლო შეხვედრაა... შეიძლება დღეს ბოლოჯერ ვხედავთ ერთმანეთს. - მეტრეველის დინჯმა და უჩვეულოდ მშვიდმა ბარიტონმა დაარღვია პალატაში გამეფებული რამდენიმე წამიანი თბილი სიჩუმე. ნათქვამი ბგერები უსიამოვნო აზრად დალაგდა ნიას გონებაში, მკერდში მწველ ტკივილად გარდაიქმნა და მისგან გამოწვეული ეკლიანი გორგალი გაჭირვებით გადააგორა უკან.
- გასაგებია... - დაიჩურულა ძლივსგასაგონად და ამღვრეული თვალები ფრთხილად მიანათა მამაკაცს, რომელიც ერთხანს ისევ უსიტყვოდ აკვირდებოდა ქალს. შემდეგ დინჯად წამოდგა და ნელა დაიხარა ქალისაკენ. ისე ნაზად, ისე ფრთხილად აკოცა შუბლზე... თითქოს ფაიფურის ყოფილიყოს და ეშინოდა არ შემოტყდომოდა. თვალები ნელა გაახილა ნიამ. პალატაში აღარავინ იყო. იმავე წამს ღიად დარჩენილი ფანჯრიდან მონაბერი სიო შემოიჭრა, ოთახში შერჩენილი სურნელი აკრიფა და წვიმიან ქუჩებში თან გაიყოლა..