ბერძენი პრინცი

64 13 0
                                    

ამ ოთახში, მტვრის ნაწილაკებიც კი, ყვირიან - ანტიკური.
ოთახი სავსეა ანტიკური ქანდაკებებით, რომელთაც რესტავრაცია ესაჭიროებათ. ჯომინი კი, მათი გადამრჩენელია, მათი, მრავალსაუკუნოვანი სიცოცხლის გამხანგრძლივებელი გრძნეული.
უვლის მათ, ასუფთავებს, საუკუნეების მანძილზე დაფენილ მტვრის ნაწილაკებს აშორებს და ყოველი ფენის გასუფთავების შემდეგ, კიდევ ერთი საფეხურით უახლოვებს მომავალ უკვდავებას.

ჯიმინს უყვარს მისი საქმე. უყვარს, ყოველ დილით ამ ოთახში მოსვლა და მისი უსასრულობის მორევში ჩაძირული მეგობრების დახმარება.
ჯიმინიც უყვართ, როგორც მისი საქმის უბადლო მცოდნე და პროფესიონალი, სწორედ ამიტომ ანდობენ, ასეთ რთულსა და ამავე დროს საპასუხისმგებლო დავალებებს.

ჯიმინი, სანამ საქმეს შეუდგება, მანამდე მისთვის საყვარელი წუთებით ტკბება. პირველივე დღეს, როდესაც ეს ქანდაკება, ამ ოთახში დახვდა სარესტავრაციოდ, პირველივე წამიდან, მასზეა შეყვარებული. არცერთი დილა არ იწყება ისე, თუ ქანდაკებას რამდენიმე წუთით არ გაესაუბრა, დატკბა მისი სილამაზით, მხოლოდ ამის მერე ანახლებს მუშაობას. თითქოს ენერგიას იღებსო და რაღაც უსაზღვრო დადებითი მუხტის მომტანია მისთვის, ეს ბერძენი პრინცის ქანდაკება.

უკვე მერამდენე კვირაა პროფესორი სთხოვს მალე დაასეულოს რესტავრირება, მაგრამ ჯიმინი ყოველ ჯერზე რაღაცას იმიზეზებს, ვერ ელევა, არ უნდა გაუშვას, მაგრამ დღეს მოუწევს.. ამიტომაა ასეთი სევდიანი და მოწყენილი.. გული მტკივნეულად უცემს და თვალზე ცრემლს ეურჩება.

უეცრად, პატარა სარკმლიდან, ჯერ ისევ სუსტი მზის სხივი იპარება და პრინცის, იდეალურად გამოკვეთილ სახის ნაწილს აცისკროვნება. ათასფერი, წვრილი, მტვრის ნაწილაკი იწყებს ცეკვას, მზისსხივის ვიწრო ბილიკზე და პრინცის სახეს ოქროსფერ ფერებში ჰხვევს.

ჯიმინს, რაღაც ეჩვენება.. თითქოს პრინცის სახემ ფერი იცვალა. თვალებს ხუჭავს და ახელს, მაგრამ სახე ცოცხალი ადამიანისას უგავს. ნაკვთები გაცოცხლებულა და კანი ხორბლისფერია. თითქოს ქანდაკებამ სუნთქვა დაიწყო და მზის სხივმა მას სული შთაბერა.

-ჯიმინ, გამოფხიზლდი. - აქნევს თავს ჯიმინი და ცდილობს გამოერკვეს. -ეს, რეალობა არაა.. რაღაცეები გელანდება.
-ჯიმინ.. - ისმის უცხო ხმა ანტიკური სიჩუმით გაჯერებულ პატარა ოთახში.

ჯიმინს თვალები უფართოვდება, გულისცემა უმაღლეს შკალას აღწევს, სუნთქვა უხშირდება და ოფლი ასხამს. სადაცაა გული წაუვა. მის წინ, ქანდაკება გაცოცხლებულა.

-ეს რეალობა არაა.. - უმეორებს ისევ თავს, მაგრამ უეცრად გრძნობს, თუ როგორ ეხება მის ნატიფ, პატარა ხელს, უფრო მკვრივი და ძლიერი მტევანი, ნაზად იქცევს ჯიმინის თითებს, საკუთარში და ნელნელა ჰაერში სწევს. რამდენიმე წამში, ჯიმინი გრძნობს, თუ როგორ ეამბორება ქანდაკება მის ხელს და თვალებში შეჰყურებს.
-მე რეალური ვარ. - ამბობს ქანდაკება და ჯიმინს ნაზად უღიმის. -მადლობა, რომ ჩემზე ასე იზრუნე. ამისთვის დაგაჯილდოვებ. მშვიდობით ოსტატო. - ამბობს პრინცი და მზის სხივიც ქრება.

ჯიმინი ცოტახანში შოკიდან ერკვევა და ხვდება, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მისი გონების ხრიკები იყო, ან არა.. ვერ გადაუწყვეტია. ისევ შეჰყურებს ქანდაკებას და იმედი, რომ მას ისევ იხილავს, ცოცხალს და ხორცშესხმულს, არ ტოვებს მის ცნობიერებას.

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now