2

2.1K 198 15
                                    

2789



_______

- გასაღები შენც გქონდეს, - მეუბნება ორშაბათს მოხუცი, როგორც კი კარს მიღებს და შინ მიშვებს, - შეიძლება დილის 7 საათისთვის მოსამსახურე ჯერ არ იყოს მოსული.

ვხვდები, რომ დღეს დილით ჩემს დასახვედრად ადგა ასე ადრე და შეფარვით მსაყვედურობს. ჩუმად ვართმევ გასაღებს და ზურგჩანთაში ვიგდებ. არ ვიცი, დღეს რისი გაკეთება მომიწევს, როცა დობის მოვიყვან დილის გასეირნების შემდეგ, ამიტომ წიგნი ჩავიგდე ჩანთაში.

დობი პირმაღთან მელოდება, საყელური უკეთია და კუდს აქიცინებს. როგორც ჩანს, უკვე მზადაა გასასეირნებლად. ასე რომ ვუყურებ, სულაც არ ჩანს საშიში. იქნებ საერთოდ არ უნდა მეშინოდეს მისი? დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი და საყვარელი ძაღლი აღმოჩნდება.

- დობი, - ვეძახი მას. ძაღლს უფრო კეთილი მოვეჩვენები, თუ ხმას დავიწვრილებ? ისე, როგორც ბავშვებთან. ასე ხომ ინსტინქტურად ვიქცევით ზრდასრულები, როცა ბავშვებს ვესაუბრებით, ენას ვუჩქლეფთ და ვცდილობთ, უფრო კეთილები გამოვჩნდეთ, თითქოს ბავშვებს ზებუნებრივი უნარი ჰქონდეთ, ჩვენი აურა გამოიცნონ. მაშინ, რატომ ვიქცევი დობისთანაც მსგავსად? ვხვდები, რომ სულელად ვჩანვარ, როცა დობის ვეძახი და ხმაში მხიარული და ბედნიერი ნოტები მეპარება, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, - წავიდეთ, მეგობარო?

ძაღლი მაშინვე ჩემკენ მორბის. ლამისაა უკან დავიხიო და გავიქცე. რამხელაა, ღმერთო ჩემო!

დობი შარვალზე მყნოსავს. ჯერ ერთ ფეხზე, მერე მეორეზე. მე კი გაუბედავად ვეფერები შუბლზე. როცა ვამჩნევ, რომ ამის უფლებას მაძლევს, უფრო ვთამამდები და ყურებს უკან ვფხან. როგორც ჩანს, მოსწონს. ასე, დობი. არ ვარ ცუდი ადამიანი, გთხოვ, იგრძენი ეს. ძალიან გთხოვ... იგრძენი და არ შემჭამო.

მოხუცი მართალია. დობი არ არის ჭირვეული ძაღლი. მშვიდად დასეირნობს, არავისკენ იწევს, არც სხვა ძაღლებს აქცევს ყურადღებას. სამაგიეროდ, როცა მირბის, ძლივს ვუწყობ ფეხს. საშინელი ძალა აქვს. ეს თუ დამეტაკა, ჭიანჭველასავით გამსრესს. სკვერში მივყვავარ. იქ კუკავს, მე კი პარკით ვიღებ და ნაგვის ურნაში ვუძახებ. მეგონა, ამას ვერ შევძლებდი, მაგრამ საერთოდ არ გამჩენია ზიზღის გრძნობა. იქნებ იმიტომ, რომ ეს ძაღლი ცოტათი მომწონს?.. მგონი მართლა მომწონს. მთავარია, სულ ასეთი საყვარელი და უპრობლემო იყოს.

Age of Innocence 🔞Wo Geschichten leben. Entdecke jetzt