2733
_______
აი, ამგვარად ჩნდება ჩემს ცხოვრებაში The Smashing Pumpkins ხელმეორედ. როცა ბილი მიმხელს, ვის გამო ჰქვია ეს სახელი და იმასაც მეუბნება, რომ მისი საყვარელი ბენდია, ბევრი რამ იცვლება. გამანადგურებელი გოგრები ჩვენ შორის არსებულ ყოველგვარ უხერხულობას საბოლოოდ ანადგურებს და ამის შემდეგ მე და ბილი სწრაფად ვმეგობრდებით. ჩვენ მუსიკა გვაახლოებს ერთმანეთთან, მუსიკა უკეთ გაცნობაში გვეხმარება, მუსიკას ბედნიერება მოაქვს და მუსიკა მე პირადად ძალიან ბევრი რამის შემჩნევისკენ მიბიძგებს.
სწორედ პამპკინსების ფონზე ვიგებ უამრავ რამეს ბილიზე. ყველაფერს დაკვირვებით ვხვდები, რადგან მას თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარს. მაოცებს ის ფაქტი, რომ ბილის ხათრის გამო ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაშინაც კი, თუ რამე არ უყვარს და ერთხელაც არ დაიწუწუნებს. ნათიას ხათრით ხახვიან სალათს ჭამს და სულ შემთხვევით ვიჭერ ფაქტზე, როცა სააბაზანოში გულის არევას ცდილობს. მე რომ არ დამენახა, არასდროს გვეტყოდა, რომ უმი ხახვის ჭამის შემდეგ ყოველთვის გული სტკივდება. მე და ნათია ძალიან ვეჩხუბებით, ის კი ზის ჩვენ წინ გაფითრებული და თავდახრილი და ისეთი სახე აქვს, თითქოს წამი-წამზე ატირდება. ამას ისიც ემატება, რომ ზუსტად იმ მომენტში ნოდარიც შემოდის მის ოთახში, ხედავს, ბილის საწოლზე როგორ ვსხედვართ მე და ნათია და საწოლში ჩაწოლილ, ამაღლებულ ბალიშებზე მიყრდნობილ ბიჭს როგორ ვტუქსავთ.
- ბილი, უფრო ყურადღებით უნდა იყო, - ამბობს უეცრად ნოდარი და ბილის ისე უფართოვდება თვალები, მგონია, რომ სადაცაა ბუდეებიდან ამოუვარდება. პრინციპში, ჩვენც მსგავსად გამოვიყურებით, რადგან ბილის სახლში დაბრუნებიდან 1 თვის შემდეგ, მოხუცი პირველად ელაპარაკება მას ასე ადამიანურად...
პამპკინსების ფონზე ვრწმუნდები, რომ ბილი მხიარული ადამიანია და როცა ხედავს, რომ ვინმე ცუდ ხასიათზეა, ცდილობს, ყველანაირად დაეხმაროს და გაამხიარულოს. საკუთარ თავზე გამოვცადე და მის მცდელობებს უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. ისე, თვითონაც ხშირად იწყენს, მაგრამ ამას კარგად მალავს. საოცარი ემპათიის უნარი და კეთილი გული აქვს. ბილის დობი სიგიჟემდე უყვარს და როცა სახლიდან წასული იყო, ჩუმად იპარებოდა ჩვენს სკვერში, გამსეირნებელთან მოთამაშე დობი რომ დაენახა, მაგრამ ერთხელაც ვერ გაბედა ახლოს მოსვლა. ბილის შეუძლია ტირილი დაიწყოს, როცა ხედავს, რომ სხვას სტკივა. თავად ძალიან ეშინია ტკივილის. მას უძილობა აწუხებს, ამის გამო თითქმის ყოველ დილით მოგვყვება მე და დობის სასეირნოდ და მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ იძინებს. უკვე ხველების გარეშე შეუძლია მოწევა და მე ისევ ვფიქრობ, რომ არავის უხდება სიგარეტი ისე ძალიან, როგორც მას. ბილის უყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა და მხოლოდ ამ ჟანრის წიგნებს კითხულობს. ბილის მიშკაზე კარგი გემოვნება აქვს და ძალიან მომწონს, როდესაც ვუყურებ, როგორ ისვამს მხოლოდ ორ თითზე შავ მანიკურს. ბილის უყვარს ნახევრად უმად შემწვარი კარტოფილი და რაღაც საზიზღარი ბროწეულის ლიმონათი, რომელსაც, ჩემი აზრით, გაზიანი ნარწყევის გემო აქვს. ხანდახან რაღაც წამლებს სვამს, მაგრამ არ მეუბნება, რას. ბილის უყვარს, როცა პამპკინსებს ვმღერი კარაოკეში და ამბობს, რომ ძალიან კარგი ხმა მაქვს. ამის მოსმენა ყოველ ჯერზე მსიამოვნებს. ბილის უყვარს, როცა დობი მასთან იძინებს და ხშირად ვკამათობთ იმაზე, ამჯერად ვისთან უნდა დაიძინოს ძაღლმა. მე ვერ ვეგუები, რომ დობი ჩემთან ძილზე ამბობს უარს მის გამო. საერთოდაც, დობი ყველაფერში ბილის ირჩევს და ამაზე სულ ვბუზღუნებ. სამწუხაროდ, ჩემს ბუზღუნს შედეგი არ აქვს. ბილი უპირობოდ სარგებლობს ყველას სიყვარულით. კიდევ ერთ რამეს ვიგებ მასზე, მაგრამ რამდენჯერაც ამის შესახებ დალაპარაკებას ვცდილობ, იმდენჯერ ცივად მიშორიბს თავიდან. მას ვიღაც აწუხებს ტელეფონზე. ხშირად ვხედავ, როგორ უთიშავს უცხო ნომრებს ზარს და დაძაბული როგორ კითხულობს მოსულ შეტყობინებებს. არაფრის დიდებით მეუბნება ვინ არის, მაგრამ იმას არ მალავს, რომ ვინაობა იცის. მასზე ვნერვიულობ. ყოველ ჯერზე ეცვლება გამომეტყველება, როდესაც მისი მობილური იწყებს რეკვას და ნერვიულად იწყებს ტუჩების წვალებას. ამის გამო სტაკლერი ვხდები. აღარც მრცხვენია ამის აღიარების. ყოველთვის, როცა გვერდით კედლიდან მესმის, როგორ ლაპარაკობს ტელეფონზე, ურცხვად ვუსმენ მის საუბარს. თხელი კედლებია, ამიტომ თითქმის ყველაფერი მესმის. მაგრამ ის მხოლოდ მეგობრებს ელაპარაკება და ყოველთვის იცინის ამ დროს. იმ უცხო ნომრებს მსგავსი ტონით არ დაელაპარაკებოდა. ყოველ ჯერზე, როცა სახლიდან მარტო გადის, უცნაური გრძნობა მიპყრობს. მეშინია, რომ რაღაც შეემთხვევა. ის უცხო ზარები ძალიან მთრგუნავს, ამიტომ ჯიუტად ვთხოვ, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, დობიც წაიყვანოს თან. ის ჩემს პარანოიას დასცინის, მაგრამ მაინც მიჯერებს. ეს ცოტათი მამშვიდებს. ის მაინც ვიცი, დობი თუ მიხვდა, ბილის ვინმესი ეშინია, შეაკვდება და ბიჭთან ახლოს არავის მიუშვებს.