2969
_______
საავადმყოფოდან გამოწერილ ბილის პატარა ბავშვივით ვანებივრებთ. ნათია შოკოლადის ტორტს უცხობს, მე კი მავალებენ, რომ ბროწეული დავარჩიო და წვენი დავწურო. ძალიან მალე ხელები მიწებდება და წითლად მელაქება, თან ჩემს წუწუნს, რომ ყველაზე ბინძური საქმე შემხვდა, ყურადღებას არავინ აქცევს. მარტო იმის გამო ვაგრძელებს წვენის გაკეთებას, რომ ბილის სისხლს აღდგენა სჭირდება. დობი მასთანაა, გვერდიდან არ სცილდება ბიჭს. ნოდარი ჩვენთან არ გამოდის, მეც აღარ ვაქცევ ყურადღებას მის არსებობას და ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება: სამსახურიდან წასვლაზე ვფიქრობ.
მეგობრებისთვის ჯერ არ მითქვამს რა მოხდა, მე კი ძალიან მიჭირს დამოუკიდებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება. მისი საქციელის შემდეგ ნოდართან მუშაობა აღარ მინდა, მაგრამ ის აზრი, რომ აქედან წასვლით ბილის ვეღარ ვნახავ, ძალიან მაშინებს. ჯერ სულ ახლახანს დავიწყე იმ ფაქტთან შეგუება, რომ მომწონს, ამიტომ არ მინდა, საკუთარ გრძნობებში ნახევრად გარკვეულს მომიწიოს მის მისგან წასვლა და უარესად ავირიო. არ მინდა ბილი მარტო დარჩეს იმ მოხუცთან. არ მინდა, მისგან შორს ვიყო. ამ სახლიდან რომ წავიდე და დობის გამსეირნებლის პოზიციაზე მაინც დავრჩე, მთელი დღის გატარება ისევ აქ მომიწევს - დილის 7-დან საღამოს 9 საათამდე, ამიტომ არც ეს აზრია კარგი. არ ვიცი, ბილის როგორ ვუთხრა ამის შესახებ. საავადმყოფოში ჩვენ მთელი ღამე ლაპარაკში გავატარეთ. მე მის საწოლში ვიწექი გადასაფარებლის ზემოდან, ბიჭს ზურგიდან ვეხუტებოდი და მის მუცელზე მქონდა ხელი შემოხვეული, მას კი თავქვეშ ჩემი მკლავი ედო და როდესაც რაღაცაზე ვაბრაზებდი, სიცილით მოურიდებლად მკბენდა მკლავზე. ახლა მთელ ხელზე მისი კბილებისგან დარჩენილი სილურჯეები მეტყობა და რამდენჯერაც ამას შევხედავ, ტუჩებზე უნებურად მასკდება სულელური ღიმილი. მთელი ღამე ბილი ხელზე მეფერებოდა. გაოცებულმა აღნიშნა, რომ ჩემი ტატუს კონტურებს და ფერებით დაფარულ ადგილს თითებით გრძნობდა. როგორც ჩანს, პირველად გაიგო იმის შესახებ, რომ დროთა განმავლობაში ტატუს საღებავი კანს ზემოთ ამოდის და ასე იბერება. ვუთხარი, რომ მასაც ზუსტად ასე ექნებოდა, მაგრამ არ დამიჯერა, რადგან თვითონ არასდროს უგრძვნია. მხარი მოვუშიშვლე და თითებით შევეხე სვირინგზე. მართალი აღმოვჩნდი. მის კონტურებს მეც გრძნობდი. მალე უბრალოდ ტატუს გამოკვლევა უფრო მეტში გადაიზარდა. არ ვიცი, საიდან აღმომაჩნდა ამდენი სითამამე, ჯერ მასაჟის გაკეთება დავუწყე, ხელები მაისურის ქვეშ შევუცურე და შიშველ კანზე დავუწყე მოფერება. ის გატრუნული იწვა და წამითაც არ გაუწევია წინააღმდეგობა. ძალიან მიჭირდა თავის შეკავება, პირდაპირ მის კისერში, მის მოშიშვლებულ მხარზე ვსუნთქავდი და მთელი სხეულით ვგრძნობდი, რა რეაქციას ვიწვევდი მასში. ის ვერ უძლებდა ჩემს შეხებას, თრთოდა და სუნთქვა სულ უფრო ერეოდა. ძალიან მინდოდა მისთვის მეკოცნა, მაგრამ ვერ გავბედე. დარწმუნებული არ ვიყავი საკუთარ თავში და მისი სხეულის ენის წაკითხვაც, არ ვიცოდი, სწორად გამომდიოდა თუ არა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სხვა შანსს დავლოდებოდი. მაშინ გადავდგამდი მისკენ ნაბიჯს, როცა ბოლომდე დარწმუნებული ვიქნებოდი საკუთარ თავში. ახლა კი, უკვე ვნანობ ამას. წუხელ ბილისთვის რომ მეკოცნა, ახლა ზუსტად მეცოდინებოდა, რა გამეკეთებინა. ღირდა სამსახურში დარჩენა, თუ არა.