3607
_______
დილით მისი ოთახიდან ისე ვიპარები, რომ არ გავაღვიძო. არ ვიცი, რომელ საათზე უნდა წავიდეს, მაგრამ ჯობია, კარგად გამოიძინოს. მე გემრიელად მეძინა მასთან, მაგრამ დილით ცუდ ხასიათზე გავიღვიძე. უკვე გადამიარა მსუბუქმა ალკოჰოლმა და თრთოლვამ, რომელიც გუშინ მასთან ყოფნამ გამოიწვია და ახლა უკვე ფხიზელი გონებით შემიძლია ყველაფრის გახსენება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბილიმ გუშინ იმიტომ თქვა, ჩვენიანი არ არისო, ის კაცი რომ მოეშორებინა ჩემთვის. როცა ჯონიმ გაიგო, რომ მე ბილი მეგობრები ვიყავით, ისეთი თვალებით შემომხედა, ბიჭებთან ჩემნაირი გამოუცდელიც კი მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. უბრალოდ, შეუძლებელია, ბილის მართლა სთრეითი ვეგონო და ვერ ხვდებოდეს, რა მემართება მის სიახლოვეს. ხანდახან მგონია, რომ ჩემზე ექსპერიმენტებს ატარებს. იქნებ, სპეციალურ ჩანაწერებსაც კი აკეთებს სათაურით: „როგორ გავხადოთ სთრეითი ალექსი გეი?" და ყოველი დღის ბოლოს თავის პროგრესს დიდი სიხარულით აღნიშნავს? მაგრამ ხუმრობის გარეშე, უკვე ვეღარ გამიგია, სინამდვილეში რის მიღწევას ცდილობს. თუნდაც თავისი საყვარელი წყვილის ვიდეოების ჩვენებით, იმის გამხელით, როგორია მისთვის იდეალური ურთიერთობა, მინიშნებით, რომ მენდობა და ახლობელ ადამიანად მიმიჩნევს და კიდევ ჩემთან ძილის დროს გამუდმებული შეხებით, თითქოს ცდილობს, რომ გამომიწვიოს და საკუთარ თავში ეჭვი შევიტანო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წარმატებით ახერხებს. რამდენჯერაც ერთად ვიძინებთ, სულ ითხოვს, რომ მთელი ღამე ვეხუტებოდე, ის კი მუცელზე გადადებულ მკლავზე მეფერება ინსტინქტურად, ძილშიც კი ამოძრავებს თითებს და მაშინვე ეღვიძება, როცა ოდნავ ვცილდები. უკვე ვიცი, რომ ზურგიდან ჩახუტება უყვარს და მოსწონს, როცა ძილში ვინმე ეხუტება. ასე თავს დაცულად გრძნობს, მაგრამ მე ვხდები ყოველ დღე უფრო მეტად დაუცველი, რადგან ჩვენი ურთიერთობა და გაურკვევლობა ძალიან მაშინებს. ხანდახან ძალიან მინდა ვაკოცო. ისე ძალიან, რომ ძლივს ვიკავებ თავს და მიწევს, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება, მის ტუჩებს რომ მოვაცილო თვალი და არ ვიფიქრო, როგორი იქნება მათზე შეხება. მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ, რადგან არ მინდა, არასწორი აღმოვჩნდე და ის ურთიერთობა გავაფუჭო, რაც ახლა გვაქვს. მგონი სულ არაფერს, ეს სჯობია. მაგრამ შეიძლება ვცდები კიდეც, რადგან ყოველ დღე იზრდება მკერდში ტკივილი და ყოველ დღე ვრწმუნდები, ჯერ კიდევ რა ძალიან უყვარს თავისი ყოფილი შეყვარებული.