2729
______
კაფედან აკანკალებული გამოვრბივარ. ყურები მიწუის და ჯერ კიდევ ჩამესმის ჩემი საქციელისგან შეშინებული ადამიანების კივილის ხმა. გული ამოვარდნას მაქვს. არ ვიცი რა გავაკეთო, სად წავიდე და საერთოდ, როგორ გავაგრძელო ამის მერე ისე ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა. მამაჩემი ნაბიჭვარია. დეიდაჩემიც ნაბიჭვარია და ორივე მეზიზღება.
ტელეფონს ვიღებ და გაჭირვებით ვკრეფ მიშკას ნომერს. არ მპასუხობს. გზას მივუყვები უმისამართოდ და კიდევ ერთხელ ვრეკავ მიშკასთან. ისევ არ იღებს. შემდეგ ელენეს ვურეკავ. არც ის იღებს ტელეფონს. ნერვები მეშლება. არ იღებენ და არც მჭრდებიან. მარტოც მშვენივრად გამოვთვრები და ყველაფერს დავივიწყებ.
მაღაზიაში არაყს და სიგარეტს ვყიდულობ. მადლიერი ვარ, მოლარე ზედმეტი გაოცების გარეშე რომ მიტარებს ორ ბოთლს. ვიცი, უცნაურია. ჯერ შუადღეა, მე კი უკვე დალევას ვიწყებ, მაგრამ გავგიჟდები, ეს რომ არ გავაკეთო.
ჯერ სკვერში ვსვამ. ვუყურებ, ჩემ გარშემო როგორ დასიერნობენ წყვილები, პატარა ბავშვები სკეიტებით სრიალებენ და ველოსიპედებით დაქრიან აქეთ-იქით. მე კი მათ შორის ვზივარ სკამზე და პირდაპირ ბოთლიდან ვსვამ, ყველაფერს ვითუთქავ შიგნით და მაინც, ეს სიმწარე არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მკერდში ვგრძნობ. როცა ელენე მირეკავს, პირველი ბოთლი სანახევროდ მაქვს უკვე დაცლილი. მთვრალი ვარ. ამას მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როდესაც ხმას ვიღებ.
- სად ხარ, ჩემო მოღალატე მეგობარო? - ხმამაღლა ჩავძახი ტელეფონს და რამდენიმე ცნობისმოყვარე თუ დამფრთხალი თვალიც მაშინვე ჩემკენ გამორბის.
- რა? ალექს, მთვრალი ხარ? რა მოხდა?
- დალევა არ გინდა, ელე? წამოათრიე შენი ძმა და დავლიოთ.
- სად ხარ?
- სკეიტ-პარკში.
- კარგი. გეგასთან ვარ და მან მოვალთ. მიშკასაც დავურეკავ.