10

33 4 0
                                    

რამდენი დღე გავიდა არ დაუთვლია. დრო, თუ უკან დაბრუნებას არ აპირებდა, ახლა ის დეტალი იყო, რომელიც ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა. ერთი ზუსტად იცოდა - შორს იყო, იმ ადგილიდან შორს, სადაც უკვე მეორედ სიცოცხლე მოჰპარეს. ქალაქის უკიდურეს ჩრდილოეთამდე როგორ მოაღწია არ ახსოვს, მაგრამ აქ იყო, პარკში. უკვე სამი მზე გააცილა და მიესალმა კიდეც. სკამის საზურგეს მიყრდნობილი ცას შეჰყურებდა და მიუხედავად კისრის საშინელი ტკივილისა და თვალების მწველი მუდარისა, არც უფიქრია პოზიციის შეცვლა. ცისფერი უსასრულობა და მზე ან უკიდეგანო სიშავე და წვრილი ვარსკვვლავები ის იყო, რაც თან ავიწყდებდა და თან მძაფრად ახსენდებდა იმ რეალობას, რომელში ცხოვრებაც თავის მიწისკენ დახრის შემდეგ მოუწევდა.
ქალაქის ამ ნაწილს კარგად არ იცნობდა. ალბათ, სამჯერ მოხვდა აქეთ და ცხადია, ექსკურსიაზე არც უფიქრია. აი, თემინს კი მოსწონდა, ამბობდა, როცა ყველაფერი დამთავრდება თუ ქალაქის დატოვება არ მოგინდება აქ მაინც ვიცხოვროთო. მიზეზი მარტივი იყო. ნარაკას ჩრდილოეთი მშვიდი იყო. არანაირი პატარა დაჯგუფებები თუ ბანდები, ხალხი არ ნერვიულობდა ღამე გამოსვლაზე, შიშით არ ათვალიერებდა გამვლელებს. ვერ შეხვდებოდით იარაღასხმულ პატარა ბიჭებს და რიგებს კლუბების წინ. თითქოს, სხვა ქალაქში მოხვდიო გარემო, ჰაერიც კი იცვლებოდა. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ასე მშვიდად გაატარა პარკში ეს პერიოდი. იმ ადგილას, სადაც რეი ცხოვრობდა, ასე გოგონას არავინ გააჩერებდა და არც არავინ იყო ასეთი სულელი ღამე პარკში სკამზე მარტო დამჯდარიყო.
ცხადია, ამ ნაწილს მართავდნენ. სათავეში ერთ - ერთი ძლიერი ორგანიზაცია იდგა და მისი ლიდერი იდეალურად ასრულებდა თავის საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ ისიც არაკანონიერი გზებით შოულობდა ფულს და ბევრ ცუდსაც აკეთებდა, ეს მის არეალს არ ეტყობოდა. რეი ერთადერთხელ შეხვდა. მაშინ, როცა ორგანიზაცია გადაიბარა. მამამისის ხნის იქნებოდა, მაღალი, გამხდარი, ძალიან თავდაჭერილი მოძრაობებით, საუბრით. რეის მთელი შეხვედრა სიტყვა 'კლასიკა' ჰქონდა აკვიატებული.  გოგონას მსგავსად მის სახესაც ტანჯვის კვალი გასდევდა, თითქოს, არ იცოდა როგორ გაეღიმა. იმ დროს ერთმანეთს უბრალოდ ხელი ჩამოართვეს და კაცმა თავისი წესები მშვიდი, მონოტონური თუმცა, მტკიცე ხმით გააცნო: "ჩემს ნაწილს ვმართავ მე, აქ შენს ხალხს არაფერი ესაქმება, გვექნება საქმიანი ურთიერთობა, მხოლოდ იმ ფარგლებში რაც საჭირო იქნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ჩემს ხალხს და მაცხოვრებლებს არ დააზარალებს". მოკლედ, უცნაურად მშვიდობიანი ტიპი იყო. რეის შეწინააღმდეგება არც უფიქრია. ჯერ ლიდერის პოზიცია მისთვის ახალი იყო და ისედაც დიდი ტერიტორიის მართვა უწევდა, თან რატომღაც დარწმუნებული იყო, ეს კაცი მის ჩამოშორებას არც ფიქრობდა. ახსოვს, მამამისიც სულ შორიდან უვლიდა მას და რეის არასოდეს სმენია მათი პირდაპირი შეხვედრის შესახებ. მაშინ, რეიმ მოსაუბრის ერთი უხერხული თვისება შეამჩნია, კაცს ერთხელაც არ შეუხედავს თვალებში და ყველანაირად ცდილობდა გოგონას სახე მისი ხედვის არეალში არ მოხვედრილიყო. ეს კი, ცხადია, ძალიან რთული გახლდათ იმ პირობებში, როცა ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ. კორბო ერქვა, მის ორგანიზაციას და შესაბამისად ქალაქის ამ ნაწილს ლუპაუსს ეძახდნენ. რატომ არავინ იცოდა. რეის ყოველთვის ენა ეღლებოდა მისი წარმოთქმისგან და ამიტომაც თუ სჭირდებოდა და ზოგადად, იშვიათად სჭირდებოდა, ისევ ჩრდილოეთად მოიხსენიებდა. ვერ გაეგო რა საჭირო იყო ასეთი რაღაცნაირად ორგანიზაციისთვის შეუფერებელი სახელის არჩევა. ისეთი სახელი იყო მითოლოგიურ ქალაქს ან გმირ ღმერთკაცს რომ დაარქმევდა კაცი და ლეგენდებს დაუწერდა. კორბო და მისი ხალხი კი საბალადოს არაფერს აკეთებდნენ.
რეიმ, სინამდვილეში, ლუპაუსი შესანიშნავად იცოდა და ალბათ, უფრო ამიტომაც უჭირდა მასზე გაფიქრებაც კი. დედას ახსენებდა. ლუპაუსი ნამდვილად იყო სახელმწიფო, უფრო ზუსტად სამეფო. რეის ძველ სახლში პატარა წიგნი ჰქონდათ, ილუსტრირებული. შიგნით ზღაპარი ეწერა ღარიბ გოგონაზე, რომელმაც პრინცთან ერთად ბოროტი მეფე დაამარცხა და გახდა სამეფო ლუპაუსის დედოფალი. დეტალები კარგად არ ახსოვდა. დედამისის საყვარელი წიგნი იყო, მისი თქმით დედამ, ანუ რეის ბებიამ აჩუქა სანამ დაიღუპებოდა. ამიტომაც უყვარდა ასე. ხშირად დაუნახავს საღამოს როგორ ჰქონდა გადაშლილი და თითქოს თითოეულ ფურცელს დიდი სიყვარულით ფურცლავდა. სანამ კითხვას ისწავლიდა რამდენჯერმე დედამ წაუკითხა, ხოლო შემდეგ თვითონაც ერთხელ დამოუკიდებლად წაიკითხა, მაგრამ ისეთი აღფრთოვანება ვერ იპოვა, როგორსაც დედას თვალებში კითხულობდა. რეისთვის ეს ზღაპარი მეტი არაფერი იყო, თუ არა საბავშვო სულელური ისტორია ღარიბ გოგონასა და სულელ პრინცზე. ასეთი სხვაც ბევრი ჰქონდა წაკითხული. იმ სახლიდან წამოსვლის შემდეგ, სხვა ყველაფერთან ერთად, წიგნი ლუპაუსზე იქ დარჩა და მივიწყების მტვერში გაეხვა.   ნუთუ, კორბომაც იცოდა ეს ზღაპარი? მაგრამ რა უნდოდა კორბოს ფინურ ზღაპართან თან ისე, რომ მისი ორგანიზაციის სახელად, სწორედ, იქ აღწერილი სახელმწიფოს სახელი გამოიყენა?  

PromiseWhere stories live. Discover now