გაურკვევლობა

837 26 0
                                    

 ლევანი 16/09/2018, კვირა

იმ ღამით სამსახურში აღელვებული წავედი. გარდა იმისა, რომ მამის სტატუსის მიღების პერსპექტივა მემუქრებოდა, ჩემი მობილურიც დავამტვრიე. კლუბში მთელი ღამე აღრენილი ვიყავი და ყველასთან კამათის მიზეზს ვეძებდი. არც დალევა მინდოდა და სხვა სახის გართობისგანაც თავი შევიკავე. მხოლოდ ის შეტყობინება მიტრიალებდა გონებაში - ,,მე ორსულად ვარ". სახლში წასვლისა და ფიქრის მეტი არაფერი მინდოდა.

 დილის ოთხი საათი იქნებოდა, სახლში რომ დავბრუნდი. გადავწყვიტე, დავმშვიდებულიყავი, დილით ტელეფონი მეყიდა და ყველაფერი გამერკვია. კიდევ მქონდა იმედი (ალბათ 5%), რომ ყველაფერი ხუმრობა იყო ან შეცდომა. ცოტა დავმშვიდდი და, დაძინების სურვილით, ტანსაცმლიანად მივწექი დივანზე.

 როდის ჩამეძინა, არ ვიცი, მაგრამ რომ გავიღვიძე, კისერი ისე მქონდა დაჭიმული, თავის აწევა ძვლივს მოვახერხე. უმისამართოდ შევიკურთხე და აბაზანისკენ დავიძარი. სარკეში საკუთარ გამოსახულებას შევხედე. თვალები უძილობისგან შესივებული და ჩაწითლებული მქონდა. ჯანდაბა! რა დღეში ვარ, ღმერთო. თან როგორ ვერ ვიტან გაურკვევლობას. სურვილი გამიჩნდა, სარკეში საკუთარ გამოსახულებას მივწვდომოდი და მიმეხრჩო. მაგრამ უფრო სიამოვნებით ,,მას" მივახრჩობდი. ვინ არ ერთობა ნეტა, და ეს მაინცდამაინც მე რატომ უნდა დამმართნოდა? ონკანში წყალი მოვუშვი და გახურებული შუბლი მივუშვირე.

 მოვწესრიგდი და ყავის დასალევად სამზარეულოს მივაშურე. იქნებ თავის ტკივილისთვის ეშველა. მაგრამ ყავას რა უნდა ჩემს სამზარეულოში?  დრო უნდა გამომენახა და მაცივარი გამევსო, როგორც ნორმალური ადამიანები იქცევიან. დღეს კი მომიწევს, სანამ ტელეფონის საყიდლად წავალ, სადმე ყავა დავლიო თან წავიხემსო.

***

 ტელეფონი ვიყიდე და გადავწყვიტე, ,,ჩემი მომავალი შვილის დედასთან" დამერეკა, თუ შეიძლება მას ასე ვუწოდო. მაგრამ გადავიფიქრე. შეიძლება, არც ეპასუხა. უკეთესი იდეა მომივიდა - ქუჩის ტელეფონიდან დამერეკა და მისი ხმა გამეგო, თუ გამიმართლებდა, სახელიც. ამ იდეით აღფრთოვანებულმდა ქუჩის ტელეფონის ძებნა დავიწყე. როორც კი ვიპოვე, მონეტები ჩავყარე და დაველოდე. ერთი ზარი, ორი, სამი, ოთხი... იქნებ უცხო ნომრებს არ პასუხობს, გავიფიქრე. ყურმილის დადებას ვაპირებდი, რომ გავიგონე:

 -გისმენთ!

 ვააახ! რა სასიამოვნო ხმა ჰქონდა. გარეგნობაც თუ ხმის შესაბამისი ექნებოდა, იქნებ მისგან შვილი მართლაც მომნდომებოდა.

 -თაკო, როგორ ხარ? - ჩავძახე და პასუხს დაველოდე.

 -მე თაკო არ ვარ, გენაცვალე, ახლა არც ჩემ გვერდითაა ვინმე თაკო, რომ დაგალაპარაკო, - მომეჩვენა, რომ იღიმებოდა და უცებ მომინდა მისი ღიმილის დანახვა.

 -აბა, შოკა? - ვცადე ისევ ბედი.

 -ნწ, არც შოკა, - თითქმის ვხედავდი, თავს როგორ აქნევდა უარის ნიშნად.

 -იქნებ ნინი? - არ ვნებდებოდი.

 -ნინი არა, მაგრამ ნინიას, თუ გინდა, დაგალაპარაკებ, - ვგრძნობდი, სიცილს ძვლივს იკავებდა.

 -არც ნანკა?

 -და პირდაპირ რომ მკითხო სახელი, არა?.. - მომესმა უცებ.

 -უი, ბოდიში. და რა გქვია? - არ დავაყოვნე მეც.

-ენჯი, - იყო პასუხი.

 -ენჯი?! - გაოცება ვერ დავფარე. რა ენჯი? არსებობს ნეტა ასეთი სახელი? ყოველ შემთხვევაში მე მასეთს არავის ვიცნობდი. მეღადავება?

 -კი, ენჯი. ნამდვილად ენჯი და არა ენჯელი, - გამომიცხადა საყვედურით, - და თქვენ რომელი ხართ?

 -მე ლევანი ვარ, აი, ის... - ენა დამება მოულოდნელად. 

 -აჰ, ლევანი, - რამდენიმეწამიანი დუმილის მერე მიპასუხა, რამაც მაფიქრებინა, რომ თავადაც დაბნეული იყო. - და ჩემს სახელს რას უწუნებ? მესმის, რომ ლევანი და ენჯი არ ერითმება, მაგრამ...

 -ეე, რა რითმები...საერთოდ, რა შუაშია შენი სახელი ან მე მომწონს თუ არა?! - ვიფეთე მოულოდნელად. - მაგაზე სერიოზული თემა გვაქვს, მგონი, განსახილველი...

 -მერე, რა გაყვირებს? გითხარი, რომ დამშვიდდები, მაშნ ვილაპარაკოთ-მეთქი. გეტყობა, გეტყობა ჯერ აარ დამშვიდებულხარ, ასე რომ...

 -არ გათიშო! - მივხვდი, რომ ტელეფონის გათიშვას აპირებდა. - გეხვეწები, არ გათიშო, მელაპარაკე. უნდა ვილაპარაკოთ!.. - მაგრამ გვიანი იყო. ტელეფონში უკვე გაბმული ზუზუნი ისმოდა. ისევ გამითიშა და კიდევ უფრო გაურკვევლობაში დამტოვა.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now