მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. მთელი სხეული მტკიოდა. იმედგაცრუება და ზიზღი შიგნიდან მკლავდა და მახრჩობდა. მეგონა ამ ტკივილს გავუძლებდი, მაგრამ შევცდი. იმაზე გაუსაძლისი ყოფილა ვიდრე მეგონა.რაღაც მომენტებში სრულ სიცარიელეს ვგრძნობდი, მაგრამ მარიას სიტყვების გახსენებისთანავე მეგონა ვიღაც გულში დანას მცემდა.
წვიმიანი ღამე იყო. ოთახში მხოლოდ ფანჯარაზე მოსხმული წვიმის წვეთების ხმა ისმოდა და სიბნელეს ქუჩიდან შემოსული მანქანების შუქი ანათებდა. კუთხეში მდგარ სარკეში საკუთარ ანარეკლს ბუნდოვნად ვხედავდი, გრძნობდი სახე დასიებული და აწითლებული მქონდა. ტირილის შეწყვეტისთანავე თავიდან ავქვითინდებოდი. დედა მთელი ღამე კართან იჯდა და ელოდა, როდის გავაღებდი, მაგრამ ახლა მარტო ყოფნა მჭირდებოდა.
გავიდა რამდენიმე საათი, თენდებოდა, მზის სხივები მოპირდაპირე კორპუსის სახურავს ასცდა და ოთახში შემოანათა. მათი სინათლე თვალებს მწვავდა. არ მინდოდა ეს დღე გათენებულიყო, მინდოდა დამეძინა და აღარ გამეღვიძა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა ავმდგარიყავი და ყველაფრისთვის წერტილი დამესვა. იატაკიდან ბორძიკით ავდექი, თვალები დავიზილე, ხელიდან რეზინი მოვიძრე და თმა ავიწიე. სააბაზანოში შევედი, ყველაფერი გავიხადე და წყლის ქვეშ დავდექი. ფორმა არ ჩამიცვამს, ფეხებზე მეკიდა რას მეტყოდა ადმინისტრაცია. შავი ჯინსი და მაისური ჩავიცვი. მზის სათვალე ავიღე და გავიკეთე, ჩანთა კი ზურგზე მოვიკიდე.
სკოლის ეზოს მივუახლოვდი და წამიერად გავჩერდი. შემდეგ თავი გავაქნიე და გზა განვაგრძე. გაკვეთილზე დავაგვიანე. საკლასო ოთახის კარი უხეშად შევაღე, მასწავლებელს არც მივსალმებივარ, ეგრევე ვიკითხე
-ჯონგინ დირექტორი გეძახის, გამომყევი.
-მის აკერმან, როგორ ბედავთ ასე შემოჭრას?