༄ 24 ༄

811 129 19
                                    



you found a path in my dream.
the mountain
is deeply in snow now.

JAKUREN




✰✰✰✰

თეჰიონს ბუნდოვნად ახსოვდა ყველაფერი, რაც ჯონგუკის წასვლის შემდეგ მოხდა.
მომდევნო დღეს, როცა ხანგრძლივი ძილის შემდეგ გამოიღვიძა, მხოლოდ მომენტებიღა შემორჩენოდა მის მეხსიერებას.

ახსოვდა, როგორ იჯდა გაყინული ეზოში, ცივ მიწაზე. ახსოვდა თავისი გულისფეთქვის ხმა, რომელიც ყურებში ხმამაღლა უგუგუნებდა. ახსოვდა, რომ მენტალურ პანიკაში იყო. ახსოვდა, როგორ წამოაყენა მამამისმა და როგორ სთხოვა მოახლეს, რომ ოთახამდე მიეყვანა.
მერე, ოთახში შესული თეჰიონი რამდენიმე წუთით გამოცოცხლდა. შეშლილივით მივარდა საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოს და დამამშვიდებლის მთლიანი დოზა დალია.
ეს უშველიდა.
ეს აუცილებლად მოაგვარებდა იმას, რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა იმიტომ, რომ ყველაფერი სიზმარი იყო.
თეჰიონი რეალობაში არ ყოფილა.
ეს ყველაფერი რეალურად არ მომხდარა.
თუ დაიძინებდა... თუ დიდხანს დაიძინებდა, გაღვიძებული მიხვდებოდა, რომ ყველაფერი მხოლოდ მის გონებაში ხდებოდა.
ჯონგუკი არ წასულა.
სიზმარი იყო.
ჰო, ნამდვილად სიზმარი იყო.

მაგრამ, მეორე დღეს, ჯონგუკი სახლში მაინც არ დახვდა.

თითქმის თხუთმეტსაათიანი ძილის შემდეგ გაიღვიძა და ისე სწრაფად წამოხტა საწოლიდან, თავბრუც კი დაეხვა. ფეხშიშველი გაიქცა ჯონგუკის ოთახისკენ, რამდენიმე წამით კარზე შეუჩერებლად აკაკუნებდა, მაგრამ შიგნიდან არავინ პასუხობდა.
ეს არაფერს ნიშნავდა. ჯონგუკი ალბათ იქ არ იყო.
არც ის ნიშნავდა არაფერს, რომ მისი ნივთების უმრავლესობა ოთახში აღარ დახვდა.
არაფერი იყო.

თეჰიონი სირბილით დაბრუნდა თავის ოთახში, ტელეფონი ხელის კანკალით აიღო და მასთან დარეკვა სცადა.
ჯონგუკი არ პასუხობდა.
არც ამჯერად დანებებულა.
უამრავჯერ დაურეკა, სწერდა, რომ საშინელი სიზმარი ნახა და მისი ნახვა უნდოდა.
ჯონგუკი არაფერზე უბრუნებდა პასუხს.
მაგრამ არც ეს ნიშნავდა არაფერს, არა? ალბათ ტელეფონს ყურადღებას არ აქცევდა.

𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔Where stories live. Discover now