თავი 16-III

10.7K 545 386
                                    

ხუთშაბათს და პარასკევს ვაცდენ. არავის დანახვა არ მინდა, განსაკუთრებით რეზის და ეკას. საკუთარ თავზე მეშლება ნერვები იმის გამო, რომ ბოლომდე ვენდე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცოდი, ვინც იყო. ყველაზე მეტად ის მწყვეტს გულს, რომ ჩემზე საერთოდ არ უფიქრია. ასე რომ ყოფილიყო, თავიდანვე გამომხელდა თავის გეგმებს და ასე საიდუმლოდ არ შეინახავდა. მიზეზად კი ის მოიგონა, რომ არ უნდოდა კოლეჯში ჩემზე ეჭორავათ. მშვენივრად ჰქონია გათვლილი ყველაფერი, მშვენივრად. სუფთად გამოვა ისევე, როგორც სჩვევია და პარიზში ლამაზი რეკომენდაციით წავა. აქ დარჩენილები კი ვის რაში აინტერესებს?!

***

შაბათ-კვირა ისევ წვიმს. ორშაბათს სანამ მაღვიძარა დარეკავს, ოთახში შემოსული ხათო მაღვიძებს. სახე შეშინებული და დამწუხრებული აქვს. მეუბნება დღეს ნუ წახვალ კოლეჯშიო.

- ნეტავ იცოდე, რა საშინელება ხდება გარეთ. არ მგონია შენმა კოლეჯმა იმუშაოს. წუხელ წყალდიდობა იყო. მთელი ვერის ხეობა წყალმა წაიღო. ზოოპარკი განადგურდა. გარეთ ცხოველები დადიან. რომ იცოდე, როგორი ქაოსია. რამდენი ადამიანი დაიღუპა...

საწოლიდან დაფეთებული ვდგები და სასტუმრო ოთახში გავდივარ. ილოს გვერდით ვჯდები და ტელევიზორს ვუყურებ. გაოგნებული ვარ. წუხანდელ კადრებს აჩვენებენ. მთელი გმირთა მოედანი წყლითაა დაფარული. ერთგან ბეჰემოტი დასეირნობს, მეორეგან ნიანგი დაცურავს. შემდეგ პირდაპირ ეთერს რთავენ. ჟურნალისტის უკან ლაფით დაფარული ზოოპარკი ჩანს. ვუყურებ და ვერ ვიჯერებ, რომ ეს ადგილი სწორედ ისაა, სადაც ბავშვობის და არა მარტო ბავშვობის საუკეთესო დღეები მაქვს გატარებული. ტანზე უსიამოვნო ეკალი მაყრის. შემდეგ ფეისბუქზე შევდივარ და პირველივე სიახლე კოლეჯისგან მხვდება. სამი დღით სწავლაა შწყვეტილი. სამი დღით? დარწმუნებული ვარ მთელი კვირა გაცდება. არადა სწავლის დასრულებამდე ორი კვირაღაა დარჩენილი.

ვანილის კოცნა | ✓Where stories live. Discover now