ვამთავრებ თუ არა ცხობას, შეფი ერთ საათიან შესვენებას აცხადებს. ლიზასავით იდეალურები ვერა, მაგრამ ნახევრად მასტერკლასის შემდეგ ჩემი ფირფიტებიც კარგები გამოდის. შესვენების შემდეგ კრეპის შიგთავსს მოვამზადებთ და გავახვევთ.
- არ გშია? - მეკითხება ლიზი. ჯერ კიდევ სახე უბრწყინავს. რა პოზიტიური გოგოა.
- სიმართლე გითხრა, კი. - მობილურზე საათს დავყურებ. პირველს ათი წუთი უკლია. აქეთ-იქით ვიყურები, მაკო და ლანა არ ჩანან.
- წამოდი, კაფეტერიაში ჩავიდეთ. გოგოებიც იქ მიდიოდნენ.
- ხოო? კარგი, წავიდეთ. - ქუდს ვიძრობ და ლიზისთან ერთად კიბეზე ვეშვები.
ხომ ვამბობდი, პირველი სართულის ფოიე ცარიელი უფრო დიდი და ლამაზი ჩანს. ერთ კუთხეში კაფეტერიაა მოწყობილი ბუფეტით და დაახლოებით რვა მაგიდით. დანარჩენი ადგილი კი რბილ, დაბალ სავარძლებს და შუშის მაგიდებს უკავიათ.
სტუდენტების უმრავლესობა კოლეჯის უკანაა გასული. ბუფეტთან მივდივართ. მე სოკოს ღვეზელს და ცივ ჩაის ვიღებ, ლიზი - ლობიანს და ფანტას. ის-ისაა ვბრუნდებით, რომ ლანა მაგიდასთან გვიხმობს. ლანჩის შემდეგ სავარძლებზე ვინაცვლებთ. წინ ჯერ კიდევ ორმოცი წუთი გვაქვს. ცოტა ხანში ამირანი გვიერთდება და ერთადგილიან სავარძელში მოწყვეტით ჯდება.
- აბა? კმაყოფილები ხართ? - გვეკითხება ის.
- ჩვენ კიი. - ერთად ამბობენ მაკო და ლანა.
- მე ისე რაა. - ვბუტბუტებ. - თავიდან არ გამომდიოდა და გავბრაზდი.
- მეც კმაყოფილი ვარ. - სახე ებადრება ლიზის და ამირანს კითხვას უბრუნებს. - შენ?
- უკეთესადაც შეიძლებოდა. - თავს აქნევს.
იმ წუთას ჩვენთან ნათია, უკაცრავად, ნათკა მოკუსკუსებს და ჩემ გვერდით ჯდება. ღმერთო, საღეჭი რეზინი!
- მაგარი ამბავი მაქვს! - ამბობს ის და ფეხს ფეხზე იდებს. - ორ კვირაში კარნავალს აკეთებენ. ახალი ნაკადის საპატივცემულოდო.
ESTÁS LEYENDO
ვანილის კოცნა | ✓
Romance- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4love.ge-დან. ავტორი: მარიამ ნატროშვილი (lullaby0111)