პირი ღია მრჩება. უკან წაღებულ ხელებს ვისრისავ. მკლავებზე მის მოჭერილ თითებს ისევ ვგრძნობ. რეზიმ მე მაკოცა. შეფმა მაკოცა. იმ ბიჭმა მაკოცა, რომლემაც ავტობუსში ბილეთი ამიღო. ღმერთო, თან როგორ მაკოცა. მეცინება და ტუჩებზე თითებს ვისვამ. სიამოვნების და კმაყოფილების მეტს ვერაფერს ვგრძნობ. გული ისევ აჩქარებული მაქვს. ბაგეები ისევ მეწვის, მუცელიც.
გათიშულს, გასახდელში შემოსული გოგო მაფხიზლებს. ძირს დავარდნილ მაისურს ვიღებ და ვისვამ. გონზე მოსასვლელად სახეზე ცივ წყალს ვისხამ. ვერ ვიჯერებ, რაც მოხდა. კარადას ვკეტავ, ჩანთას ვიღებ და ფოიეში გავდივარ. ახლაღა მერევა გაოგნება, აღელვება და თავში უამრავი კითხვა მიტრიალებს.
ეს რატომ გააკეთა? შეფს მოვწონვარ? არ არსებობს, ნუთუ მისტერ ქვის გულს მოწონების გრძნობა გააჩნია? ნეტავ რა ტრიალებს მის თავში? ჩემდამი და არა მარტო ჩემდამი ასეთი უხეში მოპყრობის შემდეგ, მისგან მსგავსი საქციელი როგორ უნდა შეფასდეს? ჯანდაბა, ანა!
მაგარი გამოცანა დაგატყდა თავს. ესეც შენი კოლეჯი და მისი პირველი თავსატეხი, ვნებიანი თავსატეხი.
ის-ისაა კოლეჯიდან გავდივარ, რომ ვიღაც ჩემს სახელს ყვირის. ვბრუნდები. ჟღართმიანი ხატია ფურცლიან ხელს მიქნევს და ჩემკენ მოდის.
- სალამი. ხომ არ გეჩქარება? - მეკითხება.
- სალამი. არა. - თავს ვაქნევ.
- აი, გამომართვი. - ფურცელს მაწვდის. - ამ წამს ამოვბეჭდე. მასკარადის გმირების ჩამონათვალია. რადგან პირველი შენ შემხვდი, ბარემ მიდი, ამოარჩიე, ვინ გინდა, რომ იყო კვირა საღამოს.. - გოგო წარბებს ათამაშებს და ხითხითებს.
ფურცელს ვართმევ. ჩამონათვალი ულევია.
- ვაიმე დედა. - ვიცხადებ. - ამდენი ახლა როგორ წავიკითხო? ან როგორ მოიფიქრე?
- ამ ჩამონათვალმა გამიწია რეკომენდაცია წვეულების ორგანიზატორის შერჩევის დღეს. - თვალს მიკრავს ხატია.
ESTÁS LEYENDO
ვანილის კოცნა | ✓
Romance- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4love.ge-დან. ავტორი: მარიამ ნატროშვილი (lullaby0111)