Lili's Pove
მზემ ღრუბლებს თავი დააღწია და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ნიუ იორკის ხალხით გადაჭედილ ქუჩას. ჩამოცხა. სანამ შუქნიშანზე წითელი აინთებოდა, უკანასკნელმა მანქანამ მოუხვია გზაჯვარედინზე და ერთმანეთში ლაბირინთივით აბურდულ ქუჩებში გაუჩინარდა. ხალხმა დემონსტრაციულად დაიწყო გზაზე გადასვლა. უკანასკნელად ვცადე ქუჩის სახელი გამეხსენებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. თმაში ხელები შევიცურე და საბრალოდ გავხედე ხალხის ნაკადს. ჩემი ნაქირავები სახლის მისამართი აეროპორტში დავკარგე და ისიც არ ვიცოდი ღამე სად გამეთენებინა. სხვა გზა არ მქონდა, ვინმესთვის უნდა მეკითხა და ტაქსი გავაჩერე.
-საით მიბრძანდებით ქალბატონო?- მკითხა მძღოლმა და სარკეში გამომხედა. ხანში შესული კაცი იყო. წითელი, აღაჟღაჟებული ლოყები ჰქონდა და თბილი თვალებით მიყურებდა.
- იცით?.. დამავიწყდა ქუჩის სახელი...- დარცხვენით ვუთხარი მე.
-ქუჩის სახელი დაგავიწყდათ?- გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა მძღოლს.
-დიახ!.. ახლახანს ჩამოვედი ნიუ იორკში და ქუჩის სახელი დამავიწყდა, რომელზეც ტელეფონით ბინა ვიქირავე!... ისა... კორპუსი და ბინის ნომერი მახსოვს- დავამატე მე, როდესაც დავინახე, რომ მძღოლი სიცილს აპირებდა.
-კარგით არ ინერვიულოთ რამდენიმე ქუჩას ჩამოგითვლით და იქნებ გაგახსენდეთ!- მაშინვე დასერიოზულდა კაცი.
მე თავი დავუქნიე და მანაც დაიწყო ქუჩების დასახელება:
-უოლ სტრიტი?
-არა!
-მენდეინ ლეინი?
-არა!
-მედისონ ავენიუ?
-არა!- თავი გავაქნიე მე- მედისონი არა, სხვა ავენიუ იყო!
-მაშინ... ლექსინგტონ ავენიუ?
-დიახ დიახ ლექსინგტონი!- სიხარულისგან ლამის ყვირილი დავიწყე მე.
-ძალიან კარგი, ლექსინგტონ ავენიუზე მივდივართ!- თვალი ჩამიკრა მძღოლმა და მანქანა ადგილიდან დაძრა. ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე და ქუჩების თვალიერება დავიწყე. ნიუ იორკი ბოსტონს საერთოდ არ გავდა, განსაკუთრებით კი იმ ქუჩას, რომელზეც მე ვცხოვრობდი. სექტემბრის ბოლო იყო, მაგრამ ტემპერატურა 37°C -ს აღემატებოდა. მანქანა ნელა მოძრაობდა ტრასაზე, თითქოს მძღოლი მიხვდა, რომ ქალაქის დათვალიერება მინდოდა. მზე ხან ერთ შენობას ეფარებოსა, ხან მეორეს და შუქ-ჩრდილებში გახვეული ქუჩებს უფრო მიმზიდველს ხდიდა.
-საცხოვრებლად აქ გადმოხვედით?- მკითხა მძღოლმა.
-დიახ, ყოველ შემთხვევაში სანამ სწავლას მოვრჩები აქ უნდა ვიცხოვრო!
-გასაგებია, ესე იგი უნივერსიტეტში აბარებთ?
-დიახ!- თავი დავუქნიე მე.
-და რომელ ფაკულტეტზე?
-თეატრალურზე!- ამაყად განვუცხადე.
-ძალიან კარგი- გამიღიმა მძღოლმა- წარმატებებს გისურვებთ!
-მადლობა!
- და აიიი, ლექსინგტონ ავენიუც, მოვედით!- მძღოლმა ჩემ მიერ მითითებული შენობის წინ გააჩერა. ფული გადავუხადე და საბარგულიდან ჩემი ჩემოდანი ავიღე.
-გმადლობთ! თქვენ, რომ არა, ვინ იცის იქნებ ქუჩაშიც გამეთენებინა ღამე!- გავუღიმე მე.
-არა, რას ამბობთ! ნიუ იორკის ქუჩებში დაკარგვას ჩემ მტერსაც არ ვუსურვებდი!- წარბები ასწია კაცმა- აბა თქვენ იცით, ნახვამდის!- გამიღიმა და მანქანა ქუჩის კუთხეში მოაბრუნა. მანამდე გავცქეროდი სანამ თვალს არ მიეფარა. შემდეგ კი შენობას შევხედე. მშვენივრად გამოიყურებოდა იმ სახლისთვის, რომელშიც მინიმუმ 4 წელი მაინც უნდა მეცხოვრა. სახლის ზედა ნაწილს მზის სხივები ოქროსფერს ხდიდა. მწვანე ფილაქნებით მოპირკეთებულ სადარბაზოში შევედი და ლიფტი გამოვიძახე. ზოგადად ლიფტი არ მიყვარს, რადგან კლაუსტროფობია მაქვს და ჩაკეტილი სივრცეების მეშინია, მაგრამ ბინა, რომელიც ვიქირავე მეთექვსმეტე სართულზე იყო და იქ ჩემი ჩემოდნით ფეხით ვერ ავიდოდი. ლიფტში შევედი, 16-ს მივაჭირე და სანამ ავიდოდა იმაზე დავიწყე ფიქრი თუ როგორი ოთახის მეზობლები მეყოლებოდა. ოთხ ოთახიანი ბინა ოთხ ადამიანს უნდა გაგვეყო. ლიფტი არც მეტი არც ნაკლები ზუსტად ნახევარ წუთში ავიდა ჩემთვის სასურველ სართულზე და კარი გაიღო. მარჯვენა კართან მივედი და ფრთხილად დავაკაკუნე. შიგნით ნაბიჯების ხმა გაისმა, ვიღაცამ სახელური გადაატრიალა და გამიღო.
-გისმენთ!- ჩემ წინ, საშუალო სიმაღლის გოგონა იდგა. წითლად აელვარებული თმა მხრებზე ჩამოშლოდა და სწერვა სახით მიყურებდა.
-ისა... მე... ეს ბინა ვიქირავე...- ავუხსენი მე.
-აა ხო გამახსენდა! შემოდი ქერა!- თვალი ჩამიკრა გოგომ და შემოსასვლელი გაანთავისუფლა. სახლში შევედი. ფეხსაცმელები უწესრიგოდ ეყარა და ნოხიც კედელთან იყო მიკუჭული. სასტუმრო ოთახისკენ წავედი და დივანზე ჩამოვჯექი. მაგრამ სანამ ამას ვიზამდი ზედ დაყრილი ტანსაცმელი ცალ მხარეს გადავაწყე.
-კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სახლში!- გამიღიმა წითურმა- რამეს დალევ?
-რავი...ყავას!- მხრები ავიჩეჩე მე.
-ყავაას?..- დაიბნა- ყავა არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია ღვინო შემოგთავაზო!
-არა მადლობა!- თავი გავაქნიე მე და ჩემი ჩემოდანი ერთ-ერთი ოთახისკენ წავათრიე.
-მგონი კიდევ ორმა უნდა იცხოვროს ჩვენთან ერთად არა?- ვკითხე მე და ჩემოდნის ამოლაგება დავიწყე.
-ხო! ერთი ჯერ არ ჩამოსულა და მეორე გასულია და მალე მოვა! თავის შეყვარებულთან ერთად ერთობა! ალბათ რომელიმე სასტუმროში არიან და ზასაობენ ან უარესს შვრებიან!- ისე მეტიტინებოდა თითქოს ძალიან მაინტერესებდა ვინ ვის ეზასავებოდა.
-აქ სასწავლებლად ჩამოხვედი?
-ხო!- სამზარეულოდან გამომძახა წითურმა- ჟურნალისტიკურზე ვაბარებ! შენ?
-მე თეატრალურზე!- გავძახე საპასუხოდ.
-მართლა? უჟმურობაა!- ოთახში თავი შემოყო წითურმა- უნდა იდგე და ხან ერთი პერსონაჟი ანსახიერო ხან მეორე! ჟურნალისტობა კაია, სადაც გინდა იქ დაძვრები და ხელიც ყველაფერზე მიგიწვდება!
-ყველა პროფესიას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები!- მხრები ავიჩეჩე მე.
-დაგეხმარო ამოლაგებაში?- ყურადღება არ მომაქცია მან.
-არა მადლობა!- ვუთხარი და მისკენ წავედი- ჯერ შევჭამ! საშინლად მშია!
-მმმ...პიცას გამოვიძახებ!
-კარგი! მანამდე წყალს გადავივლებ- ვუთხარი და პირსახოცი ავიღე.
-ოუქეი!
-ხო მართლა დამავიწყდა
მეკითხა, შენი სახელი ჯერ არ ვიცი!
-მადელაინი... მადი- თვალი ჩამიკრა მადიმ- შენ?
-ლილი!
-სასიამოვნოა, მაგრამ მე ქერას დაგიძახებ!- გამიღიმა მადიმ.
-როგორც გინდა!
-ხო მართლა, ცხელი წყალი თუ გინდა ლურჯი ონკანი მოუშვი. პირიქითაა, ძლივს მივეჩვიე!
-კარგი!
-მაადს!- კარი გაიღო და
შავთმიანი, დაბალი გოგო შემოვიდა. საყვარლად იღიმოდა და ორივე ხელით პოლიეთილენის პარკები ჩაებღუჯა.
-აი კამიც მოვიდა! კამ გაიცანი ეს ლილია! აქ ჩვენთან ერთად იცხოვრებს, თეატრალურ ფაკულტეტზე აბარებს და... საიდან ჩამოხვედი?- მე მომიბრუნდა მადი.
-ბოსტონიდან!
-ხო და ბოსტონიდან ჩამოვიდა!
-სასიამოვნოა!- გამიღიმა კამიმ- მადს იქნებ პარკები გამომართვა?
-ხო ხო, ახლავე!- მადიმ კამის ხელიდან პარკები გამოგლიჯა- ლილი ეს კამილაა, იურიდიულზე აბარებს, ყავს შეყვარებული, ჩარლზი და სიეტლიდან ჩამოვიდა!
- სასიამოვნოა!- ხელი ჩამოვართვი კამის.
-ოჰ ამას ჩემი საქმე გაუკეთებია!- სამზარეულოდან მადის ხმა გავიგეთ- რამდენი პროდუქტი მოგიტანია გოგო? ვაა ქერა აქ ყავაცაა და... ნაყინებიც!
-იცოდეთ უჩემოდ არ ჭამოთ! შხაპს მივიღებ და ახლავე გამოვალ!- გავიცინე მე და სააბაზანოში შევედი.
შხაპი მივიღე და ხალათიანი და თმაზე პირსახოცშემოხვეული გამოვედი. კამი და მადი სასტუმრო ოთახში იჯდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ.
-ძლივს გვეღირსა!- ჩემ დანახვაზე წამოხტა კამი.
-საშინლად მშია! კუჭი მეჩხუბება უკვე!- აყვა მადიც და მაშინვე სამზარეულოში შევარდა. მეც მათ მივყევი. გაშლილ სუფრას მივუჯექით.
-აბა, რამდენი ხანია, რაც აქ ხართ?- ვკითხე მე, რომ სიჩუმე დამერღვია.
-მე უკვე რამდენიმე წელია და კამი წინა წელს ჩამოვიდა, მეორე კურსზეა!
-მართლა? და შენ მადს?
-მეც!
ჭამას, რომ მოვრჩით ყველაფერი მივალაგეთ და გოგონებს დავპირდი ხვალ მთელ სახლს დავალაგებთ მეთქი. ჯერ ათი არ იყო დაწყებული ოთახში, რომ შევიყუჟე, მარტო ყოფნა მჭირდებოდა. ჩემოდნის ამოლაგება დავიწყე. ჩემი ტანსაცმელები დავკეცე და კარადის თაროებზე დავაწყვე. ამას რომ მოვრჩი უკვე ცხრა ხდებოდა. ბოსტონში ალბათ ათი საათი იქნებოდა, ამიტომ ლეპტოპი ამოვიღე და დედას სკაიპით დავურეკე. მალევე მიპასუხა. მისი ხმის გაგონებისას, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს თავიდან დავიბადე. დედა მაინც სხვანაირად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. მის ნათქვამ ყოველ სიტყვაში ისმის ფრაზა: "ყველაფერი კარგად იქნება". ბავშვობაში მიკვირდა ხოლმე, დედა როგორც იტყოდა, ყველაფერი ისე, რომ ხდებოდა. ახლა ვხვდები, ალბათ დედებს იმდენად უყვართ შვილები, რომ მათ ნაწილად თვლიან, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ არის. ყველა ადამიანი იზრდება და შორდება დედის კალთას, მას გამოეყოფა და ხშირად ეკამათება, შემდეგ კი ისევ ნანობს თავის საქციელს... ეს ყველაფერი სისულელედ მიმაჩნია და ამიტომაც არ მიყვარს ჩხუბი და კამათი, რადგან თუ მეორე დღეს აღარ ვიქნები, არ მინდა ვინმეს ასეთი დავამახსოვრდე.
-ლილი? აბა ჩახვედი? რა ხდება?
-ჰო დე, ჩავედი და დავბინავდი კიდეც!- გადავწყვიტე მისთვის არ მომეყოლა ჩემი ლამის დაკარგვის ამბავი.
-როგორი ოთახის მეზობლები გყავს?
-რა ვიცი, საყვარლები არიან! ერთი ჟურნალისტიკურზე აბარებს, მეორე - იურიდიულზე, მესამე კი ჯერ არ ჩამოსულა... როგორც მითხრეს, ხვალ ჩამოდის.
-კარგია ძვირფასო... როგორ იმგზავრე?
-კარგად! ტესი როგორ არის?
-მშვენივრად, - გაიღიმა ემიმ- ცოტა იტირა შენი წასვლის შემდეგ, - განაგრძო ჩურჩულით - მითხრა არ უთხრაო, ვითომ არ მითქვამს!
-კაი!- გამეღიმა.
-უკვე გვენატრები!
-მეც დე! მამა და ტესი მომიკითხე...
-ლილ, წამალი დალიე?
-დაწოლის წინ დავლევ- თავი დავუქნიე მე.
-კარგი საყვარელო! სულ დამავიწყდა, რომ მანდ ჯერ ადრეა!
-ჰო ჯერ ათი დაიწყო...
-აღარ მოგაცდენ ძვირფასო, წარმატებები! ტკბილი ძილი!- ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა დედამ. შევნიშნე მის თვალებში მოკიაფე ცრემლები, მაგრამ ეს ბედნიერების ცრემლები იყო.
-ღამე მშვიდობისა... მიყვარხართ!
ლეპტოპი დავხურე. ჯერ არ მეძინებოდა, ამიტომ წიგნები შევათვალიერე, "ქარიშხლიანი უღელტეხილი" ავიღე და კითხვა დავიწყე. ეს წიგნი ჯერ კიდევ იმ დღიდან შემიყვარდა, როდესაც 13 წლის ასაკში პირველად გადავშალე, მაგრამ ამის მიუხედავად წიგნის მთავარი გმირები სულაც არ მიყვარდა. ჰითქლიფი ხომ საერთოდ არ მომწონდა.
საწოლზე წამოწოლილი ვკითხულობდი, როდესაც კარი ვიღაცამ შემოაღო.
-ქერა, ფილმის ყურებას ვაპირებთ, არ შემოგვიერთდები?- მკითხა მადიმ. შევნიშნე, რომ ჩემ ხელში წიგნის დანახვა ცოტა გაუკვირდა.
-არა მადს, ხვალ ადრე უნდა ავდგე, საყიდლებზე ვარ გასასვლელი და ჯობია დავიძინო!
-კარგი, მაშინ... ძილინებისა!- მხრები აიჩეჩა მადიმ და კარს მიღმა გაუჩინარდა. ღრმად ჩავისუნთქე, წიგნი გვერდზე გადავდე და ფეხზე წამოვდექი. ოთახში ძალიან ცხელოდა, ამიტომ ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. ნიუ იორკის ქუჩების ხმაური მეთექვსმეტე სართულზეც კი აღწევდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ხალხმრავალ ადგილას უნდა დამეძინა. ტუმბოდან წამალი ავიღე და ორი აბი დავლიე, მერე კი ლოგინზე ტანსაცმლიანად დავწექი. შიში დამეუფლა. სიაახლეები არასდროს მიყვარდა, პირიქით - მაშინებდა. ყოველთვის მიჭირდა მათთან შეგუება. ალბათ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საშინელი სულიერი სისუსტე ვიგრძენი... ტირილი მომინდა, მაგრამ თავი გავამხნევე და თვალები მოვხუჭე... რაღაცის თუ ვიღაცის მოლოდინში ჩამეძინა._____________________________
Vote & comment 💘💘 SesiliIsakadze ma20ry02 ❣️