17.

559 61 76
                                    

საღამოს ბინდი მოსდებოდა ქალაქის ქუჩებს, მოწმენდილი იყო ცა, ერთიანად აციმციმებული მნათობი წერტილებით და ამ ღამით უთუოდ გაყინავდა. ოთახში სრულ სიჩუმეს პირველი სართულიდან ამომავალი მხიარული ბაასისა და ბიჭის კალთაში კომფორტულად მოკალათებული კატის კრუტუნი არღვევდა. ჰეჯინის მშობლებმა ჯეონებთან ერთად ივახშმეს, ჯერ კიდევ აქ იყვნენ და მათი მხიარული დიალოგი, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ დასრულდებოდა. არც ჯიმინი და არც ჰეჯინი არ დასწრებიან ვახშამს, ჯონგუკმა ქალბატონი პაკისგან შეიტყო, რომ გოგონა მეგობრებთან ერთად იყო. მთელი ვახშმობის პერიოდში, ბიჭი მხოლოდ ისმენდა უფროსების საუბარს, თავად კი აუცილებლობის შემთხვევაში იღებდა ხმას. უგემოვნოდ თეფშზე კერძის წვალება რომ დაასრულა, ბოდიშის მოხდით ოთახში ამოვიდა, მიზეზი სამეცადინო გახლდათ, მაგრამ ფაქტი რომ საათზე მეტი იყო გადაშლილი წიგნის კუთხეებში კალმით უაზროდ აკეთებდა ჩანახატებს და თავად მასალა არც კი წაეკითხა, მხოლოდ იმაზე მიანიშნებდა, რომ ახლა სამეცადინოს გარდა ყველაზე და ყველაფერზე ფიქრობდა ჯონგუკი.

მისი და ჰეჯინის ურთიერთობის შესახებ თითოეულმა ოჯახის წევრმა ყველაფერი იცოდა. საწინააღმდეგო თავიდანვე არც არავის არაფერი ჰქონია. ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ეს ასეც უნდა მომხდარიყოვო, ამას კი ფიქრობდნენ ან არ ფიქრობდნენ და მხოლოდ იმას აფასებდნენ, რაც ჩანდა, თუმცა ახლა ფაქტი ერთი იყო, ჰეჯინისა და ჯონგუკის ურთიერთობა თავის დროზე საზღვრებს არ უნდა გასცდენოდა. შემდეგ მათი დაშორების ამბავიც ისევე ჩვეულებრივ მიიღეს მშობლებმა, როგორ მათი ერთად ყოფნა, მაგრამ ყოველთვის იყო ნაღვლელი ქალბატონი ჯეონის თვალებში, რომელიც გამუდმებით ერთადერთ ვაჟს შესციცინებდა.

ცოტა რამ რომ გიამბოთ ჯეონების ოჯახზე, ურიგო არ იქნება. წლები ცდილობდნენ ბავშვის ყოლას, მათი შეუღლებიდან რვა წლის შემდეგ შეიტყო წყვილმა ორსულობის შესახებ, ეს ის ბედნიერება იყო, წლები რომ იბრძოდნენ მის მოსაპოვებლად, მაგრამ ბედმა დიდხანს აღარ გაახარა ცოლ-ქმარი. ქალბატონ ჯეონს პირველ ტრიმესტრშივე შეუწყდა ორსულობა. შემდეგ იყო შიში, ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელთა გადალახვასაც ცალკე ძალისხმევა და კიდევ უფრო ძვირფასი - დრო სჭირდებოდა. წლების შემდეგ ჯონგუკი რომ დაიბადა, ქალბატონმა ჯეონმა მანამ ვერ ირწმუნეს ამ ოცნების ახდენა, სანამ ხელში არ დაიჭირა სრულიად უსუსური, ამქვეყნად წუთის გაჩენილი მისი სისხლი და ხორცი. ამ არსების ხმა რომ მოისმინა, მისი უზომოდ პატარა მტევნის ჩაჭიდება რომ იგრძნო საკუთარ თითზე, ვაჟის სურნელი რომ შეისუნთქა, სწორედ მაშინ გაიაზრა, ეს რეალურად ხდებოდა. დედის გული სწორედ იმ წამს ამუშავდა ვაჟისთვის და მას მერე მხოლოდ მისთვის ძგერდა ასე გამალებით. ახლა კი, რაც უფრო ემატებოდა წლები ჯონგუკს, თითქოს მით უფრო დიდი კედელი იმართებოდა დედა-შვილს შორის. ბიჭს უკვე კარგა ხანი იყო დამოუკიდებლად დაეწყო სიარული და ეს ფაქტი რაღაც დოზით ყოველთვის ახსენებდა თავს ქალბატონ ჯეონს.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now