20.

490 63 58
                                    

ჯონგუკს ბებია ისევ ისეთი დაუხვდა, როგორიც ახსოვდა. ქალი შავი ძაძები იყო მოსილი, შუბლზე კი უცვლელად შერჩენილი ნაოჭები კიდევ უფრო პირქუშს ხდიდა შესახედად. ცხოვრების ქარ-ცეცხლს გამოეწრთო ეს ქალი ასეთად. მონატრებულ შვილიშვილს იმ კერძებითა და სიყვარულით დაუხვდა, ბებიისგან რომ ენატრებოდა ჯონგუკს. ბიჭისთვის გაზაფხული მეტად ლამაზი სოფელში გახლდათ. აქ ყველას და ყველაფერს ეტყობოდა გამოფხიზლება. ქალაქის ხმაურისგან, დაუსრულებელი ჩოჩქოლისგან ბევრად შორს იყო ამ პატარა დასახლებაში, რომელშიც თავი-ბოლი სამოცდაათამდე კომლი თუ ცხოვრობდა, თუმცა მათ ნაწილს სახლები დაეკეტათ და სოფლიდან სხვაგან გადასულიყვნენ საცხოვრებლად. ჯონგუკის ბებიას არც თუ ისე პატარა სახლი ჰქონდა, დიდი ეზოთი, რომლის ნახევარიც ბოსტანსა და ცხვართა სადგომს ეკავა. სოფლის ტიპური დასახლება იყო, ერთმანეთის მზგავსი სახლებით, რომელთაც ერთმანეთისგან მხოლოდ ღობე ჰყოფდათ და ძირითადად უასფალტო, მოხრეშილი, ვიწრო გზა. აქ ხალხიც ისეთი მშვიდი და მოსიყვარულე იყო, ჯონგუკს არ უჭირდა მათთან კონტაქტი, მეტიც, ბიჭს დიდი თუ პატარა ძალიან კარგად იცნობდა.

_ჯონგუკ, ბიჭო, რას დაყუდებულხარ მანდ?

ახალი ამოსული იყო დილით მზე, მამალმა რომ იყივლა სოფელში, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე მანამ გაგრძელდა მამლების ყივილი, სანამ სოფელმა არ გაიღვიძა. საბოლოოდ ჩიტების ჭიკჭიკმა გამოაფხიზლა ბიჭი და მას მერე ვერ შეიბრუნა ძილი. ახლა კი ღობესთან იდგა, ქალი თავზე რომ წამოადგა. მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა, გულზე ხელი დაიდო და ბებიისკენ სახეზე ფერგადასული შემობრუნდა.

_ღობეა გადანგრეული.

გადაწოლილ ფიცარზე ანიშნა ჭაღარა ქალს ჯონგუკმა.

_ასე ხშირად გადაიქცევა ხოლმე, ცხვარი აფუჭებს.

_შევაკეთებ, ცოტა მომიცადე.

ისეთი დარწმუნებით აატარა თვალი ღობეს, თითქოს მისთვის ამაზე მარტივი საქმე არაფერი ყოფილიყო. თითქმის ერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ, რაც ჯონგუკი ბებიასთან ჩამოვიდა. საქმეში გაჰყავდა ყოველი დღე, სულ რაღაცის ქმნაში იყო, არაფრით უტოვებდა საკუთარ თავს დროს საფიქრალად, არადა რომ გეკითხათ, აქ მაგისთვის იყო ჩამოსული. წაქცეული ღობე რომ გაასწორა, ბებიას ნაკვეთში გაჰყვა, მიწის დამუშავებაში წაახმარა ხელი ქალს, შემდეგ საბატიბუტე სიმინდი დათესეს ერთად და ამ საქმეში შუა დღეც ისე მოვიდა, ვერც კი გაიაზრა ჯონგუკმა. სოფელში საქმეს რა გამოლევდა, ბიჭი ხან ალთას იყო, ხანაც კი ბალთას. ყველაზე მეტად საღამო უყვარდა, ყველაფერს რომ მოათავებდა, მშვიდად შეეძლო ჩამოჯდომა, აი, მთელი დღის დაღლილობას კი მაგ წამს იგრძნობდა-ხოლმე. არ იყო შეჩვეული შრომას, ამიტომ ითენთებოდა ასე ძლიერ, ერთი თუ დაჯდებოდა, სხეულს ვეღარ სწევდა შემდეგ. ეზოში ორ ხეს შორის ჰამაკი გააბა თავისივე ხელით და სწორედ იქ მწოლი, აჰყურებდა თითქმის ყოველ საღამოს ცაზე მილეულ მზეს. სულ უფრო და უფრო თბებოდა ამინდი, მაგრამ საღამოს მაინც თავისებურად აგრილდებოდა ხოლმე. თხელი, გრძელმკლავიანი მაისურითა და ჯინსის კომბინიზონით იწვა ჰამაკში, ფეხები მთლად მოეშიშვლებინა მიუხედავად სიგრილისა, უბრალოდ ასე მეტად თავისუფლად ჰქონდა დაღლილი ტერფები. სულ ოდნავ ირწეოდა ჰამაკში, თავქვეშ ბალიში ამოედო და თვალს არ აშორებდა მერცხალს, რომელსაც გრილი სიოს გამო უჭირდა ფრენა, ამიტომ ისეთი თავისუფლებითა და სიმსუბუქით ვერ იქნევდა ის ფრთებს, როგორც სჩვევიათ ამ კუდამაკრატელებს.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now