- არაფერი მესმის! - გაცეცხლებულმა ხმას ავუწიე - ნახევარი საათის გზაზე ვერ წამიყვანთ იმ წვიმის გამო, რომელიც მთელი დღე არ მოვა?!
- ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით, ქალბატონო - ღრმად ჩაისუნთქა კებმენმა.
- როგორ უნდა დავმშვიდდე, როდესაც ჩემს მოტყუებას ცდილობთ?!
- თქვენ მოტყუებას არავინ ცდილობს, მის.
ამოვიოხრე.
- სოჰომდე უნდა მივაღწიო. შარლოტ-სტრიტზე მაინც, პერსი-სტრიტამდე ჯანდაბას, არ მინდა. მაგრამ, გთხოვთ, სოჰოში მიმიყვანეთ. ფეხით ვერ წავალ, ცხენი კიდევ - არ მყავს.
ბალიოსი მეთიუს წაეყვანა ინსტიტუტში, ქსანთოსი კი სესილისა და გაბრიელის სახლში გაეჭენებინათ კრისტოფერსა და გრეისს.
- მომიტევეთ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით. - გამიმეორა უკვე მერამდენედ, ცხენს ენა გაუწკლაპუნა და რახ-რახით შეერია ხმაურიან ქუჩას.
ცამ კი იქუხა, აი, ის კაცი მართალს გეუბნებოდაო. მუქი ღრუბლები მეფე არტურის პალადინებივით შექუჩდნენ მრგვალი მაგიდის - ცის - გარშემო და დაალაგეს მის კიდეზე დაკუნთული ხელები.
დაბოლოს, ჩემი ბედის გვრიგვინად... გაწვიმდა.
ინგლისის წვიმაზე საშინელი, მითუმეტეს - ზამთარში, არაფერი იყო, მე კი პალტოც არ მეცვა. ხელთათმანები ორიოდე წამში გამელუმპა, ხელებიდან კბილებით დავიძრე, კაბის არშიები დასამოკლებლად ჩამოვიხიე და სტელის დახმარების გარეშე, ჩემივე ძალით გავქუსლე სოჰოსკენ. ძვლები მალევე ამტკივდა. სხეული ამიკანკალდა. წვის შეგრძნება მოედო მთელ ჩემს სხეულს. თმა კეფასა და სახეზე მიმეწება, ფლიტ-სტრიტზე მისულიც არ ვიყავი, ფეხზე ძლივს ვიდექი, თუმცა სხვა გზა არ მქონდა, ანასთან უნდა მივსულიყავი.
უნდა მეხსნა ის საკუთარი თავისგან...
- ან კიდევ, ახლა, ამწამს, ზუსტად აქ, დავწვები და თვალებს დავხუჭავ. ყურადღების მომქცევი მაინც არავინაა, ლანდმონადირის მეტი ვერავინ დამინახავს. - გავიფიქრე.

VOUS LISEZ
The Favor - მოწყალება (A Shadowhunter Fan fiction) (დასრულებული)
Fantasyროდესაც 19 წლის ახალგაზრდა ლედი, ერთ მუხლზე დამდგარ, პატიოსან, გულთბილ და კეთილ ჯენტლმენს ეუბნები "დიახს", შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სულაც საშინელი ურჩხული აღმოჩნდეს? სელია დეილტრესისთვის - შესაძლებელია. ჯონ ბრაუნლოუსთვის ცოლობაზე თანხმობის...