03

1.9K 75 58
                                    

მესამე დღე გათენდა ბათუმში. იმის ნაცვლად, რომ მზისთვის მემზირა და დეასთან ერთად ნორმალურად გავრთობილიყავი, წყნარად წვიმდა. არც კოკისპირულად და არც მჭექარედ. უბრალოდ წყნარად. იქიდან გამომდინარე რომ დეას ასეთ ამინდებზე გული ცუდად უხდებოდა რადგან მზეზე იყო დაბადებული, გარეთ გასვლაზე უარი მითხრა. სინამდვილეში არც მითხოვია, ვიცოდი რომ უარს მეტყოდა.

ჩემს ოთახში ვიყავი შეყუჟული. ამ ბინაში ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ ჩემი ოთახი პირდაპირ სანაპიროს გადაჰყურებდა. ფანჯარას მივუახლოვდი და გამჭვირვალე თეთრი ფარდები გადავწიე, კარები გამოვაღე და ფანჯარაში თავი გავყავი. ხალხი აქეთ იქით სწრაფად მიდი მოდიოდნენ რომ არ დასველებულიყვნენ, გარემოს მწვანე ფერი დაკრავდა, თვით ცასაც კი, წვიმა შეუჩერებლად აშხაპუნებდა, ისეთი სასიამოვნო სურნელი იდგა რომ გაუთავებლად ვცდილობდი ცხვირით მესუნთქა, რომ მაქსიმალურად შემეგრძნო სველი მიწის სურნელი, პალმები და ყველა მცენარე რაც კი მწვანე იყო ისე კაშკაშებდნენ სისველის გამო, რომ გეგონებათ ბუნებას VSCO - ს ფილტრი დაადო ღმერთმა. აქედანაც კი ვხედავდი როგორი წკაპა-წკუპით ჩადიოდა წვეთები შავ ზღვაში. თვალ წინ წარმომიდგა სცენა რომ ზუსტად ასეთ ამინდში ახლა სანაპიროზე დავრბოდი და შიშველი ვცურავდი წვიმიან ზღვაში.

ფანჯარა ღია დავტოვე რომ ოთახში წვიმის ხმა და სურნელი კარგად შემოსულიყო. მაგიდასთან მივედი, asus -ის სქელი ნოუთბუქი ავიღე და ლოგინზე წამოვჯექი. ბალიში კედელს მივადე და ზედ მივეყუდე. ჩემს წინ სარკე იდგა სადაც ჩემს თავს ვხედავდი და ვაღიარებ, ზუსტად იმ გოგოს ვუყურებდი, რომელსაც ვოცნებობდი რომ ვყოფილიყავი. ზუსტად ისეთი გარემო მქონა რომელიც ხელს შემიწყობდა აზროვნებასა და განტვირთვაში.

ნოუთბუქი გავშალე და საიტზე ბლოგის წერისთვის მოვემზადე.

ბლოგების წერა მაშინ დავიწყე, როდესაც ჩემში წერის ნიჭი აღმოვაჩინე. თბილისის ფორუმზე დიდი ადგილი მქონდა დამკვიდრებული. ჩემი მკითხველების უმეტესობა სულ ახალგაზრდები იყვნენ ამიტომაც მათი კომენტარების კითხვა, ახალგაზრდული აზრების გაზიარება და ხალხის შეცნობა საოცრად მომწონდა. მკითხველებიდან არავინ იცოდა ვინ ვიყავი (დეას გარდა). მათ მხოლოდ ჩემი სახელი იცოდნენ.

ლუნაWhere stories live. Discover now