25.

257 34 166
                                    

მარტო დანაკარგის შეგრძნება არ ერქვა იმ განცდას, მთლიანად რომ მოსდებოდა ალფის სხეულს, ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ რომელიღაც გრძნობაა. ალბათ, თეჰიონის გაცნობამდე ვინმეს რომ ეთქვა, სიყვარულით მოიწამლები და მის იქით სხვა საფიქრალი აღარ გექნებაო, კარგად გაიცინებდა ამაზე ჯონგუკი, რადგან ადრე, მანამ, სანამ მის ცხოვრებაში თეჰიონის ზურმუხტისფერი არშია გაიელვებდა ზღვის ბობოქარი ტალღის სურნელით, ალფისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო ვიღაცის ამდენად შეყვარება. და მაინც, როგორი საცოდავი ჩანდა ახლა უთეჰიონოდ დარჩენილი. უყვარდა, თუმცა არა იმდენად, ეს გრძნობა ალფის შინაგან შიშს, უნიათობას რომ მორეოდა? ვიღაცამ თქვა, რომ კაცი მაშინაა ცოდო, როცა თავისი უნიათობით ვერ ცვლის საკუთარ ცხოვრებასო. ჯონგუკი სწორედ თეჰიონის დაკარგვის შემდეგ დარწმუნდა იმაში, რომ უძლური იყო. და თურმე რეალურად ფასი არ ჰქონია მის გავლენას, მის დიდებას ხალხში, მის სახელს და მის ქონებას, რადგან ამ ყველაფრით, თუმცა უთეჰიონოდ ჯონგუკი უსუსური იყო და ასეთივედ რჩებოდა.

მომხდარში დამნაშავეს ეძებდა. ჯე-ჰა რომ არ მისულიყო თეჰიონთან, ბეტა მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ამ აზრს ძლიერ ეჭიდებოდა ჯონგუკი, სწორედ ამ ფიქრებით გაავებულიც მაგიტომ მიადგა ბრაზის ამოსანთხევად მამამისს. იმ საღამოს ნამდვილად თქვა ის, რასაც ფიქრობდა, თუმცა სიმძიმე გულიდან არსად წასულა. საცოდავი იყო ამავე მიზეზით, რადგან სხვაში ეძებდა მიზეზს, საკუთარ დანაშაულს კი ისე გაურბოდა, როგორც სირაქლემა თავის ჩამალვით სოროში.

მძიმე აურა ამ ნაცრისფერ კედლებში, გულისწამღები წრიპინი და აპარატზე დაკლაკნილი წვრილი ხაზები ერთ სურათს, უცვლელ სურათს ქმნიდა ალფის თვალში. ცხვირი ეწვოდა ამ მძიმე, სპეციფიკური წამლების სუნით და ამის ფონზე თეჰიონის სურნელი კიდევ უფრო მეტად სასურველი ეჩვენებოდა. თითოეული სიტყვა, თითოეული გამოხედვა, თითოეული გრძნობა ახსოვდა იმ საღამოდან, იაპონიიდან ჩამოსული თეჰიონს რომ მიადგა სახლში, ამის დავიწყება არ შეეძლო. დაღლილობა ძლიერ ჩაფრენოდა ძვლებში, განვლილი რამდენიმე დღის ფონზე კიდევ კარგად შერჩენოდა ნებისყოფა, ახლა აქ მჯდარიყო. თვალი გაშტერებოდა პალატის კონკრეტულ სივრცეში საწოლზე მწოლის გადათეთრებულ სახეზე და ახლა მას ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა, თავს უფრო მეტად მძიმედ გრძნობდა. აპარატზე მიერთებული ჯე-ჰა სულაც არ აძლევდა ჯონგუკს გახარების საბაბს. წესით თავისუფლება უნდა ეგრძნო, მთავარი დაბრკოლება კაცის სახით, თითქმის აღარ არსებობდა, თუმცა ჯონგუკი იყო და არა ვინმე სხვა, სწორედ ამიტომ ვერ გრძნობდა ვერც ოდნავ სიხარულს და მით უფრო, ტკივილს. უყურებდა თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში დაჩიავებულ, ერთ დროს კი დიად ალფას და სიმძიმე უფრო მეტად იზრდებოდა ჯონგუკში, ოღონდ, არა იმ მიზეზით, რომ კაცი საკადრის იღებდა იმ ყველაფრისთვის, რაც კი ჩაედინა, არა იმ მიზეზით, რომ ლამის მოკვდა, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ ახლა გაიაზრა ბოლომდე, თურმე უფროსი ალფა მხოლოდ ბიძგი იყო თეჰიონისთვის, მას რომ დაშორებოდა. ჯონგუკმა გაუაზრებლად ისედაც იცოდა, თეჰიონი დიდხანს ვეღარ გაუძლებდა მის სიმძიმეს, იცოდა, რომ ერთ დღეს ბეტა უბრალოდ წავიდოდა და ამის სრული მიზეზიც ჰქონდა, თუმცა ჯე-ჰას ბოლო ქმედებამ ზემოთხსენებული დღის გათენება დააჩქარა და ჯეონმა ახლა ისიც კარგად გააცნობიერა, რომ მამამისი კი არა, თავად იყო ყველაფრის მიზეზი. ბეტასთვის არასდროს ყოფილა მეწყვილე, არასდროს უფიქრია იმაზე, თუ რას გრძნობდა თეჰიონი მის გვერდით და ეგოისტურად, ვერ ელეოდა კიმს, მიუხედავად იმისა, რომ პირადი პრინციპების, უხეშად ჩაბეჭდილი სურვილების გამო ბოლომდეც ვერ რჩებოდა მეწყვილესთან. და მართლაც, როგორი უსუსური იყო რეალურად, საკუთარი ბედნიერებისთვისაც რომ ვერ იბრძოდა.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now