გიჟურ მარტს თავქარიანი, მატყუარა ამინდები დასჩემებოდა. თუ ერთ დღეს წკრიალა ციდან მზე უხვად ისვრიდა თბილ, ნათელ ოქროს სხივებს, მომდევნო დღეს ღრუბელის ავი ჩრდილი ფარავდა ირგვლივ ყველაფერს. სასიამოვნო იყო გაზაფხულის წვიმით დასველებულ ქუჩებში სიარული, კიმ თეჰიონს თავბრუს ხვევდა ის სურნელი, ამ დროს რომ ბუდობდა ჰაერში. ირგვლივ გაყვავებულ ალუბლის ხეებს ტოტებზე გამოება ღია და მუქი ვარდისფერი ტონის ულამაზესი, უნაზესი ყვავილები, მათი სურნელი კი გრილი ნიავის ქროლვას დაჰქონდა თან. თეჰიონს ასეთ ამინდში შეეძლო დაუსრულებლივ ევლო და სახლში წავსლის სურვილი არ გასჩენოდა. დადიოდა, ძალიან ბევრს, ჩუმად, თუმცა ხმაურიანი ფიქრები თავის ქალას ხდიდა, მაგრამ გარემოს დამსახურებით, ესეც აღარ იყო აუტანელი. რომანტიკული ბუნების პატრონს, ფიქრები და სურვილებიც ისეთივე ჰქონდა, როგორიც იყო, თუნდაც მარტის ერთი ჩვეული დღე. იშვიათად ხდებოდა ასე, იშვიათად უთმობდა დროს საკუთარ თავს და ეს სწორედ ის დღე იყო, როცა უბრალოდ გადაწყვეტილი ჰქონდა, დილიდან დაღამებამდე ევლო ყველგან, სადაც ფეხის მსუბუქი ნაბიჯები წაიყვანდა.
კიმ თეჰიონის ფერომონს ზღვის სურნელი ჰქონდა, თეჰიონს კი ეს უკანასკნელი საერთოდ არ მოსწონდა. თუმცა არა, მოწონება სულ სხვა გრძნობაა იმისგან განსხვავებით, რასაც ბიჭი გრძნობდა ყოველ ჯერზე, როცა კი მზერას უსწორებდა თვალუწვდენელ ზღვას. სადღაც მოესმინა ლეგენდა ერთი ბეტას შესახებ, რომელის ცხოვრებაც ძალიან ჰგავდა თავად კიმისას. თურმე ახალგაზრდას პრობლემები არასდროს ელეოდა გამომდინარე მისი რანკიდან. ჩვეულებრივ ტიპურ ბეტებს არ ჰყავდათ მეწყვილეები, არ ჰქონდათ მახასიათებელი ფერომონი და არ შეეძლოთ ნიშნის დადებით საკუთარ პარტნიორად ექციათ რომელიმე სხვა რანკის წარმომადგენელი. თუმცა ლეგენდის მთავარი გმირი ტიპურ, უსუნო, უმეწყვილო ბეტებს არ ჰგავდა, მათგან და არა მარტო, არამედ ყველა დანარჩენი რანკის წარმომადგენლისგან განსხვავებული იყო ის. ხალხმა, რომელმაც არ იცოდა, როგორ უნდა მიეღო რაღაც ახალი, შიში იგრძნო ბეტას დანახვისას და წუთში ქალღმერთისგან უარყოფილად მიიჩნიეს ახალგაზრდა. უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ის განსახვეებული იყო არა მარტო შესახედად, არამედ სულითაც კი, ამიტომ ჩათვალეს, რომ ბეტა სახიფათო იყო მათთვის. საზოგადოებამ ვერ შეძლო მისი მისი ასე მარტივად მიღება. ბეტას ჰქონდა მახასიათებელი ფერომონი და იმაზე ძლიერიც კი, ვიდრე ეს შეიძლება ჰქონოდა ომეგას ან ალფას, ჰყავდა მეწყვილეც კი, მაგრამ მასთან თანაცხოვრება მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლო, რომ ხალხმა არასწორად ჩათვალა ამ ბეტაში მომხდარი ცვლილებები და ყმაწვილი მათგან მოკვეთილი იქნა უმრავლესობის ხმით. ახალგაზრდა დიდხანს ცდილობდა ბრბოს გამოსწორებას, სტერეოტიპული აზრებისგან მათ დახსნას, თუმცა ბოლოს ამდენმა ბრძოლამ საზოგადოების აზრის წინააღმდეგ მხოლოდ იმაში დაარწმუნა, რომ ხალხი არ იყო მზად მისთვის, მისი განსხვავებულობის დანახვისთვის. ლეგენდის მიხედვით, ბეტამ, რომელსაც აღარავინ ჰყავდა გვერდით, არ შეეძლო ვინმესთვის დარდის გაზიარება, ბოლოს გამოსავალი ზღვასთან ლაპარაკში ჰპოვა. დრო გადიოდა, ბეტა ყოველთვის, როცა კი სჭირდებოდა საკუთარი პრობლემებისგან განთავისუფლება, მიდიოდა წყლის ნაპირთან და საათების განმავლობაში ყვებოდა პირად ტკივილებზე. ერთ დროს დინჯი, კამკამა წყალი წლების გასვლის შემდეგ გაიბერა, ბობოქარ, მუქ, მღვრიე ტალღებად იქცა. თუკი ადამიანებმა ვერ შეძლეს ბეტას განსხვავებულობის დანახვა, თავად ყმაწვილმა მიაგნო სიმსუბუქეს ზღვასთან ლაპარაკით და წყლის კამკამა ტალღებმა საბოლოოდ აირეკლა უსამართლო ცხოვრებაზე, ადამიანებზე გაბოროტებული ბეტას სული. თეჰიონი ყველაზე მეტად ამ ლეგენდის ფინალმა შეაშინა. თურმე ერთ მშვიდ საღამოს მოულოდნელად აბობოქრებულმა ზღვამ მთლიანად წალეკა დასახლება, რომლიდანაც თავის დროზე მოკვეთილი იქნა ახალგაზრდა, სხვებისგან განსხვავებული ბეტა.

YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
أدب الهواةპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.