მესამე დღეს მარი და ნატა სამსახურში მიდიოდნენ. გზაში გაზეთების ჯიხური უნდა გაევლოთ. მარიმ უცებ ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე თავის ფოტოს თვალი მოჰკრა, მივარდა და შეშინებულმა ჟურნალი ხელში აიტაცა. მის სურათთან ასეთი დასათაურება იყო "ფლეიბოის ახალბედა ვარსკვლავს ჟურნალის რედაქტორი სასამართლოში უჩივის". მარის ელდა ეცა, დები სასწრაფოდ სახლში გაბრუნდნენ. მან ნატას სამსახურში დაარეკინა და სმენის გაცვლა ითხოვა. სწორედ ამ დროს მობილურის ხმა გაისმა, უცხო ნომერი ურეკავდა.
- გამარჯობა! მარი ბარათელი ბრძანდებით? - ახალგაზრდა გოგონას ხმა იყო.
- გამარჯობა! გისმენთ, დიახ მე ვარ! - უპასუხა მარიმ.
- დღეს საქალაქო სასამართლოში ხართ დაბარებული, გთხოვთ ორ საათზე დაკითხვაზე მობრძანდეთ.
- რასთან დაკავშირებით მიბარებთ? შეიძლება გავიგო?
- როგორ არ იცით?! ხელშეკრულების დარღვევა გედებათ ბრალად, ჟურნალის რედაქტორი გიჩივით, დღეს ყველა ჟურნალი ამ ინფორმაციით არის აჭრელებული.
- გასაგებია, დღეს ორი საათისთვის, აუცილებლად გამოვცხადდები. - დაღონებული ხმით დაკიდა გოგონამ ყურმილი.
მარი ძალიან ნერვიულობდა. მიხვდა, რომ ამ ხალხთან ურთიერთობით დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ სინანული ძალიან გვიანი იყო, რეალობა კი არც თუ სახარბიელო.
- ნატა, შენი პროფესიის გამოცდის დრო მოვიდა. მართალია ჯერ მესამე კურსის სტუდენტი ხარ, მაგრამ შენს მეტს ადვოკატად ვერავის დავიყენებ, იმედი მაქვს მოგცემენ ამის უფლებას.
- არა მარი, არ შეიძლება, რადგან ჯერ სტუდენტი ვარ და ადვოკატის ლიცენზიაც არ ამიღია. სახელმწიფო სახაზინო ადვოკატს თვითონ გამოგიყოფს. ეს საქართველოა და არ მგონია გიგი გაამართლონ, თუნდაც ამ ჟურნალის გამოცემის გამო. აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება.