ოჯახს, დაყაჩაღების შემდეგ, ფინანსური პრობლემები დაეწყო... გიორგის რაც კი დანაზოგი ჰქონდა ყველაფერი კოტეს და თავის მიერ წამოწყებულ ბიზნესში ჩადო...
„გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწია"-ო, ასე დაემართა მათაც. მიუხედავად კრიზისისა, მაინც აგრძელებდნენ მუშაობას და ქარხანაში ცისტერნების ჭრას, პარალელურად ვაგონების დატვირთვას განაგრძობდნენ. მან კოტეს რჩევით, არამარტო ამორტიზებული, არამედ ექსპლუატაციაში გაშვებული დიდი ცისტერნებიც დაჭრა, გამოუსადეგარ ჯართს შეურიეს, იმ იმედით, რომ ვერავინ შეამჩნევდა, მთავარი იყო საქართველოს საზღვარზე გადასულიყო საქონელი.
რამოდენიმე თვე კიდევ მიიწურა, მხედრიონული დაჯგუფებიდან არავინ გამოჩენილა, პოლიცია გამოძიებას აგრძელებდა, თუმცა ჩვეულებისამებრ კვალს ვერ მიაგნეს, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მათი დაყაჩაღება თელავის საძმოს ნახელავი იყო.
ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიდიოდა. მარის და ნატას სკოლაში სწავლა დაეწყოთ. დეკრეტულის შემდეგ ნინაც სამსახურში გავიდა და როცა ის მუშაობდა, ალექსანდრას ნინას დედა უვლიდა. მათთან ერთად გიორგის შორეული ნათესავიც ცხოვრებდა, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა, ხანში შესული ქალი, ლილი. უშვილო და გაუთხოვარი ლილი რამოდენიმე კვირა იყო უკვე მათთან დამკვიდრეებული, როგორც ოჯახის წევრი. გიორგი კი კოტესთან ერთად თავის საქმეებს აგვარებდა.
ნოემბერიც მოვიდა... ჯართის გატანის დროს დადგა. თითქმის ყველა ოფიციალური საბუთი მზად იყო. ყველა ვაგონი მასალით დატვირთეს და ფოთში გააგზავნეს, ასევე გააყოლეს ღვინის ქარხნის რამოდენიმე წამყვანი და სანდო თანამშრომელიც. გიორგი მოუთმენლად ელოდა ფოთიდან ცნობას.
მას თავი, როცა უკვე ყველაზე მდიდარი კაცი ეგონა, სწორედ მაშინ ჩამოჰკრა უბედურების ზარმა.